ნარჩენების შემგროვებელი და გადაყრილი წიგნებით გახსნილი ბიბლიოთეკა
ბოგოტას ხმაურიან ქუჩებში, სადაც სიღარიბე ბევრი ადამიანის სასტიკ რეალობას წარმოადგენს, ნარჩენების შემგროვებელმა, კოლუმბიელმა ხოსე ალბერტო გუტიერესმა, საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრებაც შეცვალა. „წიგნების მბრძანებლის“ სახელით ცნობილმა გუტიერესმა გადაგდებული წიგნების გადარჩენასა და მათი საზოგადოებისთვის ცოდნის საგანძურად გადაქცევაში ათწლეულები დახარჯა.
ხოსე ალბერტო გუტიერესი ბოგოტას ღარიბ უბანში გაიზარდა. მან ახალგაზრდა ასაკში მიატოვა სკოლა, რათა მუშაობა დაეწყო. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ის მართავდა ნაგვის მანქანას და მოძრაობდა ქალაქის ქუჩებში, სადაც სიმდიდრე და სიღარიბე გვერდიგვერდ არსებობს. 1997 წლის ერთ ღამეს მან იპოვა წიგნი, რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ეს წიგნი ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა„ გახლდათ.
„ანა კარენინა“ გუტიერესისთვის მთავარი ნაპერწკალი აღმოჩნდა. მან გააცნობიერა, რომ მდიდარ უბნებში მცხოვრები ადამიანები ბევრ წიგნს ყრიდნენ და ნაგვიდან მათი სათითაოდ ამორჩევა დაიწყო. დროთა განმავლობაში, მისი კოლექცია გაიზარდა. ხოსე ალბერტომ წიგნების შენახვა საკუთარ სახლში გადაწყვიტა, რის შემდეგაც სახლი წიგნებით გადაიჭედა. ყველა ოთახში წიგნები იყო, მათ შორის, სამზარეულოშიც.
შემდეგ გუტიერესმა გადაწყვიტა, წიგნების წაკითხვის მსურველებისთვის კარი ფართოდ გაეღო. ცოტა ხანში ბავშვები, მასწავლებლები და საზოგადოების წევრები მასთან წიგნების სათხოვნელად მოდიოდნენ, მისი სახლი კი, არაოფიციალურ ბიბლიოთეკად გადაკეთდა. ხოსე ალბერტო ხედავდა, თუ რამხელა როლი აქვს წიგნს საზოგადოების განვითარებაში, ბოგოტას ღარიბ რაიონებში კი, ბევრ ოჯახს არ ჰქონდა წვდომა ბიბლიოთეკებზე და არც წიგნების შეძენა შეეძლოთ, ამიტომ მან საკუთარი კოლექცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. გუტიერესმა დაიწყო წიგნების დარიგება სოფლებში, სადაც სკოლებს ბიბლიოთეკა არ ჰქონდათ.
ამ ისტორიამ გუტიერესს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მედიასაშუალებები მასობრივად აშუქებდნენ მის ამბავს და ეთერში წიგნების ძალაზე სასაუბროდ იწვევდნენ. დღემდე ხოსე ალბერტომ 25000-ზე მეტი წიგნი გადაარჩინა.