“ასეთი ოპოზიციის ხელში დეპოლარიზაციაზე საუბარი როგორ შეიძლება?” – დავით ჩიხელიძე

“პოლარიზაციის ყბადაღებული თემა გახსოვთ? უფრო ზუსტად ევროკავშირის მოწოდება, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია. ასეთი ოპოზიციის ხელში დეპოლარიზაციაზე საუბარი როგორ შეიძლება?”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პოლარიზაცია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს პრობლემაა.

“აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პოლარიზაცია არა საქართველოს, არამედ ზოგადად მსოფლიო პრობლემა არის, მაგალითად აშშ-ში ბაიდენმა, ტრამპის მხარდამჭერებს ნაგავი უწოდა, მოლდოვაში ოპოზიციის დევნა დაიწყეს, გერმანიაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვენ, საფრანგეთში ერთ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერას გეგმავენ და ა.შ. ამით იმის თქმა მსურს, რომ პოლარიზაცია კოლექტიურ დასავლეთში მძვინვარებს, მათი მოწოდება დეპოლარიზაციის შესახებ, პირველ რიგში ქართულ ოპოზიციას ეკუთვნის და არა მმართველ გუნდს, არჩევნების შემდეგ ვნახეთ დავით კირთაძის სამარცხვინო საქციელი, რომელიც ზრდის პოლარიზებას და ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, მანამდე იყო ლაშა ფარულობას არაპოლიტიკური გამოხტომები, რომლის მიზანი არა მოწინააღმდეგესთან ღირსეული ოპონირება არამედ მეორე მხარის დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა იყო, ასევე მოვისმინეთ გიორგი ვაშაძის სამარცხვინო ფრაზა, რომელიც ფაქტობრივად საკუთარ მომხრეებს, მმართველი გუნდის მხარდამჭერების ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებს.

სამწუხაროდ დავით კირთაძის საქციელის დაგმობა, ვერც ერთმა ელჩმა, ვერც ერთმა ევროპარლამენტარმა ვერ გაბედა, ასევე დუმს სამოქალაქო სექტორი, რაც მათი ობიექტურობის შეფასების კარგი ინდიკატორია.

არსებული ოპოზიციის პირობებში დეპოლარიზაცია მიუღწეველ ამოცანად რჩება, კოლექტიური დასავლეთი მიზანმიმართულად არ იმჩნევს ოპოზიციის სამარცხვინო საქციელს, რაც ქართველ ამომრჩეველში დასავლეთის მიმართ ნეგატიურ განწყობებს ქმნის და მძაფრდება განცდა, რომ დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები