ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას მხარი დაუჭირა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფარული კენჭისყრით ბჟანიას გადადგომას მხარი 28 ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ორი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, „თანამდებობიდან“ გადადგომაზე თანხმობა განაცხადა.
შეთანხმების თანახმად, ბჟანიას მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა შეასრულებს.
თანამდებობას ასევე ტოვებს ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი და მის მოვალეობას ყოფილი „პრემიერ-მინისტრი“ ვალერი ბგანბა შეასრულებს.
ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო შენობები დღეს უნდა დატოვონ.