მაია ბითაძე – ოპოზიციაზე: ვფიქრობ, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გაამწვავონ პროცესები პარლამენტის შეკრებამდე და თავიანთი აზრით გადაზარდონ ეს სახელმწიფოს დამხობის სცენარში, რაც არ გამოუვათ
“ოპოზიციას არ დავარქმევ ამ ადამიანებს. ეს არის მავნებლებისა და დამნაშავეების კრებული, რომლებიც ცდილობენ, ამ სახელმწიფოს ძირი გამოუთხარონ”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს მაქსიმალურად გაამწვავოს პროცესები პარლამენტის შეკრებამდე და გადაზარდოს ეს სახელმწიფოს დამხობის სცენარში, რაც არ გამოუვათ.
“მათი ეს უგეგმო აქციები გადაიზარდა მინი ესკალაციებში, რასაც საბოლოო შედეგი არ ექნება. მე უფრო ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გაამწვავონ პროცესები პარლამენტის შეკრებამდე და თავიანთი აზრით გადაზარდონ ეს სახელმწიფოს დამხობის სცენარში, რაც ბუნებრივია, არ გამოუვათ. მათ ევროპიდან ვერ მიიღეს ის გზავნილი, რაც სურდათ და ამან კიდევ უფრო მეტ პანიკაში ჩააგდო. შესაბამისად, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, ძალადობის პროვოცირებით გამოიწვიონ სიტუაციის ესკალაცია, მაგრამ ნამდვილად არ გამოუვათ. ეს საბოლოო კრახი და ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება მათ პოლიტიკურ კარიერაში. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ქვეყნის სიყვარულთან და მით უმეტეს, არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ქვეყნის ევროინტეგრაციასთან. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას“, – განაცხადა ბითაძემ “ქრონიკასთან” საუბრისას.