“ახალგაზრდები, რომელთა დესტრუქციულ ქმედებას ვაკვირდებით მელიქიშვილის გამზირზე, პირნათლად ასრულებენ იმ მითითებებს, რომლებიც მათ უცხოელი აქტორებისგან მიიღეს” – ბითაძე
“ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ახალგაზრდები, რომელთა დესტრუქციულ ქმედებას ვაკვირდებით მელიქიშვილის გამზირზე, პირნათლად ასრულებენ იმ მითითებებს, რომლებიც მათ უცხოელი აქტორებისგან მიიღეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები სამარცხვინოა.
“სამარცხვინოა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ლიდერების ქმედებები, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე მოვლენების ესკალაცია გამოიწვიონ. პირდაპირ გვესმის ჩვენი პოლიციის მიმართ ისეთი განცხადებები, როგორიცაა რუსეთის „ომონთან“ შედარება. სამარცხვინო და მოღალატეობრივია პოლიტიკური ლიდერებისგან რაც მოვისმინეთ, რომ არაფერი ვთქვათ იმ ცალკეულ აგრესიულ ქმედებებზე მოქალაქეების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ. ვნახეთ რა დღეში ჩააგდეს „იმედის“ ჟურნალისტი.
ამ ადამიანებმა ვერ გაიაზრეს ორი რამ: ერთი, რომ დღეს საქართველო სხვა სახელმწიფოა და მათ არ გამოუვათ მოვლენების ესკალაცია, რომლის მიზანია საბოლოო ჯამში ვინმეს ფიზიკური დაზიანება, რომ სახელმწიფო გადატრიალების იდეა განახორციელონ და მეორე, მათ ვერ გაიაზრეს ის, რომ მათ ამ საქციელით უფრო მეტი ბრაზი დათესეს საქართველოს მოქალაქეებში“, – აღნიშნა ბითაძემ.