სოზარ სუბარი: მაია სანდუ მხოლოდ გაყალბებული არჩევნების შედეგად გახდა მოლდოვის პრეზიდენტი უკვე მეორედ, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს არჩევნებზე კრიტიკულად ლაპარაკობენ, ამასთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ დასცდენიათ
„მაია სანდუ მხოლოდ გაყალბებული არჩევნების შედეგად გახდა რამდენიმე წლის წინ მოლდოვის პრეზიდენტი. ანუ, მან წააგო არჩევნები საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ, შემდეგ, ევროპიდან ჩატანილი და ჩაყრილი ხმებით გახადეს პრეზიდენტი“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით თემაზე კომენტირებისას.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს არჩევნებზე კრიტიკულად ლაპარაკობენ, მოლდოვასთან დაკავშირებით არც ერთი უარყოფითი სიტყვა არ დასცდენიათ.
„ახლაც, მაია სანდუმ საკუთარ ქვეყანაში მეორედ წააგო არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას წარმოადგენდა და მთელი რიგი ბერკეტები ჰქონდა, ასევე, ქვეყნის მთელ რიგ რეგიონებში არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ხალხს უბრალოდ არ მიეცა. და მან ისევ ევროპაში გაყალბებული ხმებით მოიგო. ამის მიუხედავად, დასრულებული არ იყო მოლდოვაში ხმების დათვლა, რომ სანდუს [სხვადასხვა ქვეყნიდან] გამარჯვება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდაო. იმ ადამიანებს კი, რომლებიც საქართველოს არჩევნებზე კრიტიკულად ლაპარაკობენ, არც ერთი სიტყვა არ დასცდენიათ რაიმე დარღვევაზე მოლდოვაში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.