ირაკლი კობახიძე: NGO-სთვის პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის, აღიარებენ, რომ თანხვედრა არის პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის, მაგრამ ასეთ პივიტის აღარ აქვს ფასი და არ ქვეყნდება

NGO-სთვის პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის, თუ პივიტი სწორად არის შედგენილი, ამ შემთხვევაში მას ფასი არ აქვს, უნდა იყოს მაინცდამაინც გაყალბებული, რომ ფასი ჰქონდეს და გამოქვეყნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ასე მოხდა და 4 წლის წინ ISFED-მა გამოაქვეყნა გაყალბებული პივიტი და მმართველ გუნდს ხუთ კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ ორგანიზაციას პივიტის გაყალბება ეღიარებინა.

„ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ ეღიარებინათ ის გადახრა, რაც არსებობდა პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის. მთავარი არგუმენტი, რასაც აფუძნებდა ოპოზიცია მაშინ გაყალბებაზე საუბარს, იყო სწორედ პივიტი, ცდომილება პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის. ხუთ კვირის თავზე ძლივს ვაღიარებინეთ ამ ენჯეოს და მათ დონორებს, რომ პივიტი იყო ცდომილებაში ცესკოს შედეგებთან და ამ ცდომილების მიზეზი იყო „შეცდომა“, რომელიც დაშვებული იქნა პივიტის შედგენისას. ახლა ისინი აღიარებენ, რომ თანხვედრა არის პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის, მაგრამ ასეთ პივიტის აღარ აქვს ფასი და ამიტომ არ ქვეყნდება. აქედანაც ჩანს, რომ ამ ადამიანებისთვის ერთადერთი თვითმიზანი არსებობდა – როგორმე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში. მეტი არავითარი მიზანი არ ჰქონდათ, არ არჩევნებზე დაკვირვება, არც სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ა.შ. მათთვის არჩევნები ფასობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ასეთია ენჯეოების მიდგომა, შესაბამისი პარტიების და მათი უცხოელი პატრონების მიდგომა, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები