ლევან დავითაშვილმა საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეებს პროფესიული დღე მიულოცა

„ყოველი წლის 20 ოქტომბერს მსოფლიო საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია”-ში დასაქმებულ თითოეულ ავიამეთვალყურეს გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს! მსოფლიოში ავიამეთვალყურის პროფესია ერთ-ერთ ურთულეს საქმედ მიიჩნევა, რადგან ის უზარმაზარ პასუხისმგებლობას, მუდმივ კონცენტრაციას და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარს მოითხოვს – თქვენ ხომ  საჰაერო ხომალდების და შესაბამისად, ადამიანების უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფთ!”, – ნათქვამია პირველი ვიცე-პრემიერის მილოცვის ტექსტში.

ლევან დავითაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ავიამეთვალყურეების პროფესიონალიზმი და გამოცდილება აუცილებელია საჰაერო მიმოსვლის რთული ქსელის მართვის პროცესის და აქედან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების  შეუფერხებლად მუშაობისთვის, მთლიანად ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიის უსაფრთხოებისთვის.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ავიამეთვალყურის პროფესია საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება – საჰაერო სივრცის დატვირთვის, ქვეყანაში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის და შესაბამისად, ავიარეისების რიცხვის ზრდის პირდაპირპროპორციულად. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ „საქაერონავიგაციის” თანამშრომლები საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრავ სატრანზიტო რეისებსაც ემსახურებიან.

„საქართველოში გვაქვს პროფესიები, სადაც ტრადიციულად მხოლოდ უმაღლესი საერთაშორისო კლასის და კვალიფიკაციის პროფესიონალები მუშაობენ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ავიამეთვალყურეები პროფესიონალთა სწორედ ამ კატეგორიაში ხართ – თითოეული თქვენგანის მაღალი კვალიფიკაცია ხომ საერთაშორისო ორგანიზაციების, ICAO-ს და EUROCONTROL-ის მიერ არის აღიარებული. დღესდღეობით საქართველოს ავიაბაზარზე 53 ავიაკომპანია ოპერირებს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში კი ჩვენი აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 5 686 748 მგზავრს მოემსახურა, რაც 26%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. მაგრამ ეს მხოლოდ სტატისტიკა, მშრალი რიცხვები არ არის, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაიზარდა როგორც ზოგადად „საქაერონავიგაციის”, ისე თქვენი, ავიამეთვალყურეების როლი და დატვირთვა”, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, დღესდღეობით საქართველოს საჰაერო სივრცეს 118 ავიამეთვალყურე ემსახურება, კიდევ 32 ადამიანი ემზადება ამ პროფესიაში შესასვლელად. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ისინი ავიამეთვალყურის ურთულეს საქმეს ხარისხიანად და ღირსეულად ასრულებენ, რისთვისაც მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები