პროფესიით მასწავლებელია, სამკაულების დამზადება პანდემიის დროს დაიწყო, ხოლო ყურძნის მტევნებს სადღაც ერთი წელი იქნება, რაც ამზადებს.
ამბობს, რომ კეთების პროცესი ძალიან მოსწონს და სიამოვნებს, რაც მისთვის თერაპიაა.
„მიხარია, რომ ჰობი ვაქციე საქმედ, რომელიც ბევრ ადამიანს მოსწონს“. – ნათია სტეფანიშვილის პერსონა.
– პროფესიით პედაგოგი დაინტერესდით ხელნაკეთი სამკაულებით…
– ბავშვობიდან ჩემთვის საინტერესო იყო – ხელსაქმე, ქარგვა და კერვა, ყოველთვის მიყვარდა ხელსაქმე.
პანდემიის პერიოდში, იზოლაციის დროს, ჩემთვის თერაპია იყო ხელნაკეთი სამკაულის შექმნა, ვიფიქრე, გამეხსენებინა ჩემი ძველი საქმიანობა და რატომაც არა, თუკი ფიქრობ, რომ გამოგდის, უნდა გააგრძელო ჰობი და შექმნა ნამუშევრები, არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას ჩემს ხელნაკეთ აქსესუარებზე. ადამიანების თითოეული დადებითი კომენტარი მახარებს და მმატებს მეტ ენერგიას, მომავალშიც გავაგრძელო ეს საქმე.
– ნატურალური ქვებით ამზადებთ სამაჯურებს, საყურეებს, ყელსაბამებს… რის მიხედვით არჩევთ ქვებს? შესწავლილი გაქვთ მათი თვისებები და მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე?
– გეთანხმებით, ნატურალური ქვებით მუშაობას დიდი ცოდნა სჭირდება, ქვებს ვარჩევ მისი თვისებების მიხედვით, ზოგი ბედნიერების მომტანი ქვაა, ზოგი – სიყვარულის და ა.შ. შესაბამისად, მომხმარებელს ყოველთვის ვაცნობ თითოეული ქვის თავისებურებებს. მათი მხრიდანაც დიდ დაინტერესებას ვგრძნობ. უმრავლესობას აინტერესებს ქვების თავისებურებები, მათი ზოდიაქოების შესაბამისი ქვები და ა.შ.
– რომელი ქვა გიყვართ? და თუ ატარებთ თქვენ მიერ დამზადებულ სამკაულს?
– ძალიან მიყვარს ქვა „ვეფხვის თვალი“, ვიზუალურად ძალიან ლამაზი და ეფექტურია, მას მეორენაირად სიყვარულის ქვასაც უწოდებენ. რა თქმა უნდა, საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულის ტარება ძალიან მიყვარს, ეს მმატებს თავდაჯერებულობას. ხელნაკეთი სამკაული იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ხაზს უსვამს ინდივიდუალიზმს, არ მიყვარს, როდესაც ყველა ადამიანი ატარებს ერთსა და იმავე აქსესუარს. ვფიქრობ, აქსესუარი ხაზს უნდა უსვამდეს ადამიანის ხასიათს, ინდივიდუალიზმს და შარმს.
– ერთი სამკაულის ამბავი.
– ყველა სამკაულს საკუთარი პატარა ამბავი ახლავს, აქედან რომელიმე ამბის გამორჩევა ცოტა მიჭირს, თუმცა შემიძლია გამოვყო ერთი განსხვავებული სამკაულის შექმნის ისტორია. ის ეხება ფერად სამკაულს. რადგანაც ძალიან მიყვარს ფერები, გადავწყვიტე, შემექმნა ფერადი სამკაული, რომელიც იქნებოდა გამორჩეული, თუმცა ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი, რომ ამდენ ქალბატონს და დააინტერესებდა ჩემი სამკაული. აღმოჩნდა, რომ ფერადი სამკაული ბევრ ქალბატონს მოსწონს.
– ბოლო ერთი წელია ამზადებთ ყურძნის მტევნებს… ალბათ თქვენმა წარმოშობამ განაპირობა, სიღნაღელობამ?
– სიმართლე გითხრათ, მტევნების დამზადება რომ დავიწყე, არც კი მიფიქრია ამ საკითხზე. მოგეხსენებათ, თვითნასწავლი ვარ, შესაბამისად, ყოველთვის ვფიქრობ, რა შეიძლება შევქმნა კიდევ ახალი, ისეთი, რომ საინტერესო იყოს მომხმარებლებისთვის. ყურძნის და ღვინის სამშობლო კახეთია. ამიტომ მინდოდა, შემექმნა რაღაც, რაც ხაზს გაუსვამდა ქართულს, ჩვენს ეროვნულობას წარმოაჩენდა, ალბათ ეს ჩემმა წარმოშობამაც განაპირობა.
– ამ ბოლო დროს სხვებიც ამზადებენ მტევნებს. როგორ უნდა განსხვავდებოდე სხვა ხელოვანისგან?
– გეთანხმებით, ბევრი ნიჭიერი და საინტერესო ხელოვანი გვყავს საქართველოში, შესაბამისად, ბევრი ამზადებს ხელნაკეთ მტევნებს. ვფიქრობ, ყველა ხელოვანის მიერ დამზადებული აქსესუარი ინდივიდუალურია, ყველას აქვს საკუთარი ხელწერა, რასაც სხვა ძალიანაც რომ ეცადოს, ვერ გაიმეორებს, ჟარგონულად რომ ვთქვათ, ვერ დააკოპირებს.
– ყველაზე მეტად რომელ სამკაულებზეა მოთხოვნა?
– რთულია ამაზე საუბარი, რადგან მომხმარებელი მრავალფეროვანია, თუმცა გამოვყოფდი ფირუზის სამაჯურს, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს.
– „დიომედე – ხელნაკეთი აქსესუარები და ნაქსოვები“, – ასე ჰქვია თქვენს გვერდს, სადაც ხელნაკეთი საქორწინო აქსესუარების ფოტოებიც არის განთავსებული. ხშირად გიკვეთავენ საქორწინო აქსესუარებს?
– მოგეხსენებათ, რომ სამკაულთან ერთად ვამზადებ საქორწინო დიადემებს და ჩანთებს. მოთხოვნაც არის, პატარძლებს უყვართ განსხვავებული აქსესუარის ტარება.
– სამკაულები თქვენი ჰობი იყო, მაგრამ ახლა საქმედ აქციეთ… გამოფენებში თუ მონაწილეობთ?
– ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთხელ – USAID-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, თუმცა სურვილი მაქვს, რა თქმა უნდა, და თუ მომეცემა შესაძლებლობა, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ახალ სამკაულზე ვმუშაობ, რომელსაც საზოგადოებას მალე გავაცნობ.– პირველი შემფასებელი?
– ჩემი პირველი შემფასებელი დედაა. როდესაც ახალ ნამუშევარს ვქმნი, ყოველთვის ვთხოვ შეფასებას.
– სამომავლოდ?
– მსურს ჰობი ვაქციო ჩემს საქმიანობად, შევისწავლო ახალი მიმართულებებიც.
თამარ შაიშმელაშვილი