საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები კახეთის რეგიონს ეწვივნენ თავიანთი საქმიანობის შედეგების გასაცნობად. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული.
ამავე ინფორმაციით, ვიზიტისას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა და USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში ჯონ პენელმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირისა და USAID-ის პროექტების მდგრადობასა და გრძელვადიან შედეგებს, რომლებიც ხელს უწყობს კახეთის რეგიონის ეკონომიკურ ზრდას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.
ვიზიტისას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და USAID-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს ის პროექტები, რომლებიც განათლებას, სოციალურ და სამოქალაქო საკითხებს, ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ სამოქალაქო ლიდერებთან. რეგიონში ვიზიტით ხაზი გაესვა ადგილზე მოქმედი ორგანიზაციებისა და პირების საქმიანობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეებისთვის, რომლებიც რთულ სამუშაო გარემოში სხვადასხვა სახის შევიწროებას განიცდიან. აღნიშნულმა შეხვედრებმა გამოკვეთა ევროკავშირისა და USAID-ის ინიციატივების წარმატებული შედეგები, ასევე შექმნა პროგრამის მონაწილეებთან გაცნობისა და პროგრამების გრძელვადიანი შედეგების შესახებ მათი აზრის მოსმენის შესაძლებლობა. საქართველოში ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობის მთავარი მიზანია ქვეყნის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული ვიზიტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რეგიონების ხელშეწყობის მნიშვნელობას. სოციალური ჩართულობის გაძლიერებაზე, განათლებაზე, ინოვაციებისა და გარემოს მდგრადობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროექტები ნათელი მაგალითია იმის, რომ საქართველოს პარტნიორები რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერების კუთხით ძალისხმევას არ იშურებენ.
„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან რეალურ შედეგებს იძლევა” – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.
“კახეთში ჩვენი ერთობლივი ვიზიტი გვაძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თვალით დავინახოთ ჩვენი ხელშეწყობის შედეგები და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროექტები მდგრადია და დადებითად აისახება რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ჩვენთვის დიდი პატივია USAID-თან თანამშრომლობა, რადგან ერთად შეგვაქვს წვლილი საქართველოს განვითარებასა და კეთილდღეობაში”.
“სიამოვნებით შევუერთდი ჩვენს კოლეგებს ევროკავშირიდან და მათთან ერთად მოვინახულე კახეთის რეგიონში ადგილობრივი პარტნიორები – მეწარმეები, ახალგაზრდები, სამოქალაქო ლიდერები და მოქალაქეები. პირადად ვიხილე თუ როგორ უწყობს ხელს USAID-ისა და ევროკავშირის პროგრამები ამ ადამიანებს დადებითი ცვლილებები შეიტანონ თავიანთ თემში” – განაცხადა ჯონ პენელმა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში.
“შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკელი ხალხის სახელით, საქართველოსთან და მის მოსახლეობასთან 1992 წლიდან თანამშრომლობს და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანას ხელს უწყობს, გახდეს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული და წარმატებული. USAID-ის მიზანია, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობასთან ისეთი სტაბილური დემოკრატიის შექმნა, სადაც ყველა მოქალაქის აზრი გათვალისწინებული იქნება, ხოლო ქვეყანას ექნება უფრო ძლიერი ეკონომიკა, რომელიც შესაძლებლობებსა და კეთილდღეობას შეუქმნის თითოეულ ადამიანს, ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებას”.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კახეთში ვიზიტი შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ივლისში განხორციელებული შეხვედრების გაგრძელებას წარმოადგენს.
ერთობლივი ვიზიტებისას მკაფიოდ გამოიკვეთა ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობის მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ საერთო ღირებულებებსა და მიზნებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საქართველოში ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობას. განხორციელებული ინიციატივები მკაფიო მაგალითია, იმისა თუ როგორ შეუძლია კოორდინირებულ და გრძელვადიან მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დადებითად შეცვლა, ქვეყანაში ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობით.