ლევან ნიკოლეიშვილი: ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, რომელიმე ქვეყანა დამისახელოს, სადაც ვინმე გაბედავს და პოლიციელს სახეში ხელს გაარტყამს და მას ან არ დააკავებენ, ან შესაბამისი მუხლით არ გაასამართლებენ

ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, გნებავთ მათმა პატრონებმა, რომელიმე ქვეყანა დამისახელონ – ან ევროპული, ან ამერიკის კონტინენტზე, გნებავთ აშშ, გნებავთ კანადა, სადაც ვინმე გაბედავს და პოლიციელს სახეში ხელს გაარტყამს და მას ან არ დააკავებენ, ან შესაბამისი მუხლით არ გაასამართლებენ, – ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

იგი „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების ფაქტს გამოეხმაურა, რომელიც სამართალდამცველისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს.

„დაპატიმრებამდე მისი სახელი და გვარი არც გამიგია. ახლა ალბათ, გახდება პოპულარული. ჩვენ ხომ ვნახეთ რეალური სურათი, ჯერ ეს ქალბატონი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. ხელწერილს როდესაც წერს ადამიანი, ის ნაწილობრივ აღიარებს თავის დანაშაულს და ამბობს, რომ მეტს აღარ გააკეთებს.

ამის შემდეგ გამოდის და ერთ-ერთ სამართალდამცავს, უფრო მეტსაც გეტყვით, ბათუმის პოლიციის უფროსს, ხელს ურტყამს სახეში. ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, გნებავთ მათმა პატრონებმა, რომელიმე ქვეყანა დამისახელონ – ან ევროპული, ან ამერიკის კონტინენტზე, გნებავთ აშშ, გნებავთ კანადა, სადაც ვინმე გაბედავს და პოლიციელს სახეში ხელს გაარტყამს და მას ან არ დააკავებენ, ან შესაბამისი მუხლით არ გაასამართლებენ. ეს ხომ ამათი მოგონილი პოსტულატებია, რომ ეს ასე არ ხდება!“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები