ჯერ მხოლოდ 14 წლისაა და მე-9 კლასის მოსწავლეა. 5 წელი სწავლობდა სიღნაღის რაიონის ტიბაანის საჯარო სკოლაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო თბილისის 85-ე საჯარო სკოლაში.
ხატვის ინტერესი მას შემდეგ გაუღრმავდა, როდესაც ეზოში ჩასულმა ერთ-ერთ სადარბაზოში გახსნილი სამხატვრო სახელოსნო შენიშნა, სადაც თბილი და მეგობრული გარემო დახვდა. „რაც მთავარია, მომეცა შესაძლებლობა, ხატვის ნიჭი თავისუფლად გამომევლინა. ვფიქრობ, ხატვაში სწორედ ეს არის მთავარი“. – ნინი შაიშმელაშვილის პერსონა.
– ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, ოჯახი კი ჩემი ნიჭის სრულად გამოვლენაში ყოველთვის ხელს მიწყობდა, სწორედ ხატვის სიყვარულმა და უსაზღვრო ინტერესმა მიმიყვანა სამხატვრო სახელოსნოში და ეს მოვლენა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ საყვარელ და ცოტა იუმორისტულ ისტორიადაც გადაიქცა.
– პირველი ნახატები…
– ხატვა ადრეული წლიდან დავიწყე და ვქმნიდი პატარ-პატარა ჩანახატებს, სკოლის პროექტებს, ხელოვნების დავალებებს, თუმცა შედარებით დახვეწილი ნამუშევრების შექმნა დაახლოებით 10-11 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი პირველი ნახატები იყო: ბუ, მსხლები, ჩიტი, მამალი, გოგონა დროის საათით და სხვა.
– მე-9 კლასის მოსწავლე ხართ. პარალელურად სამხატვრო სახელოსნოში დადიოდით… რა შეგძინათ იმ პერიოდმა? როგორ ახერხებთ ხატვას და სწავლას ერთდროულად?
– ამ პერიოდმა ბევრი საინტერესო რამ შემძინა. პირველ ყოვლისა კი ის, რომ განვავითარე საკუთარი თავი და ხატვა, რომელიც განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა, ჩემს ერთ-ერთ ჰობად ვაქციე.
ფაქტია, ხატვას და სწავლას ერთმანეთს ვერ ვუთავსებ, იმის გამო, რომ სწავლა, ასე თუ ისე, პირველ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ზაფხულის არდადეგებზე კვლავ ვაღვიძებ ჩემს „მიძინებულ ნიჭს”, ვცდილობ, ეს დრო პროდუქტიულად გავატარო და შევქმნა ახალ-ახალი ნამუშევრები.
აქვე უნდა აღვნიშნო სამხატვრო სახელოსნოს მეპატრონე და ძალიან კარგი ქეთი მასწავლებელი, რომელმაც თბილად და მეგობრულად შემიპატიჟა სახელოსნოში და მომცა შანსი, გამომევლინა და განმევითარებინა საკუთარი თავი ხატვაში. ის ძალიან დიდ შრომას და ენერგიას დებს მოსწავლეების განვითარებაში. ამიტომაც ყველა მისი მოსწავლე წარმატებულია.
თავდაპირველად ვერ წარმომედგინა, ასეთ შედეგს თუ მივაღწევდი და მოტივაციაც არ მქონდა, თუმცა ქეთი მასწავლებლის წყალობით, რომელიც დადებით შეფასებას არ იშურებდა, დღეს თავისუფლად ვხატავ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქეთი მასწავლებელს, ასეთ შედეგამდე რომ მიმიყვანა, რომელიც ჯერ მაინც მცირედად მეჩვენება ჩემს ცხოვრებაში
– ყველაზე ძალიან რა თემებზე ხატვა გიყვართ?
– მიყვარს პეიზაჟების, მულტფილმის პერსონაჟებისა და ნატურმორტების ხატვა, ყოველთვის ვცდილობ, ხატვისთვის შესაფერისი დრო შევარჩიო, რადგან თითოეული დახვეწილი ნამუშევრის შექმნას დიდი დრო და ნებისყოფა სჭირდება.
– შთაგონება?
– შთაგონების წყარო ჩემთვის, უმეტესად, მხატვრები არიან. განსაკუთრებით კი – ვან გოგი, რომლის სტილმაც ისე აღმაფრთოვანა, რომ ბევრჯერ ვცადე ანალოგიური ნამუშევრების შექმნა. მაგალითად: „მზესუმზირების“, „ვარსკვლავებიანი ღამის“ და ა.შ.
– ერთი ნამუშევრის ისტორია…
– დაახლოებით 11-12 წლის ასაკში შევქმენი ნამუშევარი, რომელზედაც გამოსახულია ძაღლი. ამ ნამუშევარს დიდი დრო და ენერგია შევალიე, თუმცა არ ვნანობ. იმის მიუხედავად, რომ სულაც არ მქონდა ჩაფიქრებული, ამ ნახატზე გამოსახული ცხოველი ჩემი ძაღლი „აღმოჩნდა” და დღეს ეს ნახატი ჩემს ოთახში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ასევე ჩაფიქრებული მაქვს, როდესაც უფრო დავხვეწ სტილს, შევქმნა ანალოგიური ნახატი უდიდეს ტილოზე, ზეთის საღებავებით….
– ნატურმორტები, პეიზაჟები… ძველ ნახატებში ნათელი ფერები სჭარბობს, ახლებში უფრო მუქი ფონია… რა პრინციპით არჩევთ ფერებს – ემოციის გადმოსაცემად?
– ფერების სწორად შერჩევა ნახატის შექმნის დროს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. რა თქმა უნდა, მხატვრობაში არ არსებობს ჩარჩოები, რომლებშიც მხატვრები ექცევიან, თუმცა ფერები ნახატის იდეის შესაბამისად უნდა იყოს შერჩეული. ფერებს ვარჩევ იმის მიხედვით, თუ რას ვხატავ და როგორი ემოციის გადმოცემა მსურს.
– რომელი მხატვარი გიყვართ?
– ორი საყვარელი მხატვარი მყავს. პირველი, ჩემი საყვარელი მხატვარია ვინსენტ ვან გოგი, რომელიც უდიდეს სიღატაკეში ცხოვრობდა და სიცოცხლეშივე ერთ-ერთი დაუფასებელი მხატვრის იარლიყი აქვს მიწებებული. მისი ნახატები იდუმალებით და, თითქოსდა, საიდუმლოებითაა მოცული, მისტიკური და ბნელი ტონები განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებად ახდენს ჩემზე.
მეორე საყვარელი შემოქმედი კი ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილია, რომელიც ასევე დიდ სიღატაკეს ებრძოდა, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს მის სიცოცხლეში ჩალის ფასი ჰქონდა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ნამუშევრები მილიონებად შეაფასეს.
– ჰობი…
– ბევრი ჰობი მაქვს: ხატვა, ცეკვა, კითხვა და ა.შ.
– გამოფენები. ჯილდოები…
– პირველად გამოფენა სიღნაღში, ერთ-ერთ ფესტივალზე მქონდა, სადაც შევასრულე რამდენიმე ნახატი. გამოფენაზე ჩემ გარდა იმყოფებოდნენ სხვა უნიჭიერესი ადამიანებიც. გამოფენების გარდა აქტიურად ვმონაწილეობდი სამხატვრო კონკურსებშიც.
– სამომავლოდ?
– მომავალშიც გავაგრძელებ ხატვას, შევქმნი ბევრად რეალისტურ და დახვეწილ ნამუშევრებს. შესაძლოა, ეს ყველაფერი შემოსავლის წყაროდაც ვაქციო.
– ნატვრა?
– სიმართლე გითხრათ, ბევრი ნატვრა მაქვს, თუმცა რადგან მხატვრობას ვეხებით, გამოვარჩევ ერთ-ერთს. ჩემი ნატვრაა – საკუთარი სტილის ბოლომდე ჩამოყალიბება და დამკვიდრება, რომელიც ასევე უამრავი ადამიანის შთაგონების წყარო გახდება, ასევე უამრავი რეალისტური და დახვეწილი პეიზაჟის შექმნა.
თამარ შაიშმელაშვილი