როზეტის ქვა – ძველეგვიპტური იეროგლიფების გასაღები
როზეტის ქვა ანუ გრანოდიორიტის სტელა, რომელზეც აღბეჭდილია ძვ. წ. 196 წელს მემფისში (ეგვიპტე) მეფე პტოლემე V-ის განკარგულებით გამოცემული ბრძანება. ბრძანების ტექსტი წარმოდგენილია სამი დამწერლობით: ზედა წარწერა შესრულებულია ძველეგვიპტური იეროგლიფებით, შუა — ეგვიპტური დემოტური, ხოლო ქვედა — ბერძნული დამწერლობით. რადგანაც სამივე წარწერა, არსებითად, ერთსა და იმავე ტექსტს წარმოადგენს (მათ შორის მხოლოდ უმნიშვნელო სხვაობაა), ქვა ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის საქმეში გასაღებად იქცა.
მიჩნეულია, რომ ქვა თავდაპირველად ტაძარში იყო განთავსებული, რომელიც, შესაძლოა, ძველეგვიპტურ ქალაქ საისთან არსებობდა. სავარაუდოდ, იგი ადრექრისტიანულ ან შუა საუკუნეების პერიოდში გადააადგილეს და საბოლოოდ, ნილოსის დელტაში მდებარე ქალაქ რაშიდის (როზეტა) მახლობლად მდებარე ფორტ ჟულიენის მშენებლობისას სამშენებლო მასალად გამოიყენეს. ქვა 1799 წელს ხელახლა აღმოაჩინა ნაპოლეონის ეგვიპტის ექსპედიციის ლეიტენანტმა პიერ-ფრანსუა ბუშარმა. ის წარმოადგენდა ჩვენამდე მოღწეულ პირველ ძველეგვიპტურ ბილინგვურ ტექსტს და რადგანაც შესაძლებლობას იძლეოდა, გაეშიფრათ მანამდე გაუგებარი უძველესი ენა, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ევროპის მუზეუმებსა და მეცნიერებს შორის ფართოდ გავრცელდა ქვის ლითოგრაფიული და თაბაშირისაგან დამზადებული ასლები. ამასობაში, 1801 წელს, ბრიტანულმა ძალებმა ფრანგები ეგვიპტეში დაამარცხეს, ალექსანდრიის კაპიტულაციით ხელში ჩაიგდეს ქვა და ლონდონში გადააგზავნეს. 1802 წლიდან მოყოლებული როზეტის ქვა თითქმის უწყვეტადაა გამოფენილი საჯაროდ და ბრიტანეთის მუზეუმის ყველაზე მეტად მონახულებადი ობიექტია.
1803 წელს, როდესაც ბერძნული ტექსტის პირველი სრული თარგმანი გამოქვეყნდა, დეკრეტის შესწავლა უკვე მიმდინარეობდა, თუმცა ამას ოცი წელი დასჭირდა და გაგრძელდა 1822 წლამდე, სანამ ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა პარიზში ეგვიპტური დამწერლობის გაშიფვრის შესახებ არ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, მაინც საჭირო გახდა დამატებითი დრო, სანამ მეცნიერები წარწერის წაკითხვასა და მის ლიტერატურულად განმტკიცებას შეძლებდნენ. გაშიფვრის ძირითად მიღწევას წარმოადგენდა იმის დამტკიცება, რომ ქვაზე წარმოდგენილი იყო ერთი და იგივე ტექსტის სამი ვერსია; რომ დემოტური დამწერლობა უცხოური სახელების ჩასაწერად ფონეტიკურ ნიშნებს იყენებდა; რომ იეროგლიფური ტექსტის შემთხვევაშიც ასე ხდებოდა და რომ მას ჰქონდა გარკვეული მსგავსება დემოტურ დამწერლობასთან; ასევე ის, რომ ფონეტიკური ნიშნები გამოიყენებოდა არა მხოლოდ უცხოური, არამედ საკუთრივ ეგვიპტური სიტყვების ჩასაწერადაც.
მისი ხელახლა აღმოჩენის შემდეგ ქვა ეროვნული დაპირისპირების საგანს წარმოადგენს, რაც გულისხმობს მის გადასვლას ფრანგულიდან ბრიტანულ მფლობელობაში ნაპოლეონის ომების დროს, ხანგრძლივ დავას იუნგისა და შამპოლიონის წვლილთა მნიშვნელობათა შეფარდებაზე გაშიფვრის საქმეში და 2003 წლიდან ქვის ეგვიპტეში დაბრუნების მოთხოვნას.
მოგვიანებით აღმოაჩინეს ამავე ბრძანების სხვა ფრაგმენტული ასლებიც და ამჟამად, რამდენიმე მსგავსი ეგვიპტური ორ და სამენოვანი წარწერაცაა ცნობილი, მათ შორისაა ორი ცოტათი ადრეული პტოლემეური ბრძანება (კანოპუსის ბრძანება, ძვ. წ. 238 წ. და მემფისის ბრძანება, ძვ. წ. 218 წ.). ამდენად, როზეტის ქვა აღარაა უნიკალური, თუმცა ის იყო აუცილებელი გასაღები ძველეგვიპტური ლიტერატურისა და ცივილიზაციის თანამედროვე გაგებისა და გააზრებისათვის. ამჟამად ტერმინი „როზეტის ქვა“ გამოიყენება აგრეთვე გადატანითი მნიშვნელობითაც და აღნიშნავს აუცილებელ გასაღებს ცოდნის ახალი სფეროსათვის.