“მეთაური ჯალათი” – აშშ-ში სიძულვილის გაღვივებისა და მასობრივი ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვის ბრალდებით 20 წლის ქართველი დააკავეს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს მოქალაქე, 20 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, მეტსახელად “მეთაური ჯალათი” დააკავეს, რომელსაც ბრალად სიძულვილის გაღვივება და მასობრივი ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვა ედება.
ამავე ცნობის თანახმად, დაკავებული იყო იმ დაჯგუფების ლიდერი, რომელიც ეროვნული უმცირესობებისა და ებრაული თემის წინააღმდეგ მოქმედებდა.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ პოლიციას გადასცა სქემები საკუთარი გეგმის შესახებ, რომელთა ნაწილი დაკავშირებულია რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებთან და ტერორისტულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“.

აშშ-ის საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებულს განზრახული ჰქონდა, თავდასხმა იმაზე მასშტაბური ყოფილიყო, ვიდრე 2011 წელს ნორვეგიაში, ანდრეს ბრეივიკის მიერ მოწყობილი თავდასხმა, რომელმაც 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„2023 წლის ნოემბერში დაკავებულმა ნიუ-იორკში, ახალი წლის ღამეს მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა დაიწყო. სქემის მიხედვით, პირი სანტა-კლაუსის ფორმას იცვამდა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მოწამლულ კანფეტებს ურიგებდა. სქემა ასევე მოიცავდა ბრუკლინში, ებრაული სკოლების ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეულის მიწოდებას“,- წერია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები