ვლადიმერ ბოჟაძე: მშვიდობიან აქციებზე, რომელიც მიმდინარეობს, ოპოზიცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად არ გამოჩნდეს როგორც ლიდერი და ორგანიზატორი ამ პროცესების სწორედ იმიტომ, რომ როგორმე ეს მუხტი შეინარჩუნონ
მშვიდობიან აქციებზე, რომელიც მიმდინარეობს, ოპოზიცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად არ გამოჩნდეს როგორც ლიდერი და ორგანიზატორი ამ პროცესების სწორედ იმიტომ, რომ როგორმე ეს მუხტი შეინარჩუნონ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
დეპუტატმა „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და საპარლამენტო ფრაქციებისადმი მიმართვაზე – „ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება“ ისაუბრა.
„მათ [ოპოზიციას] უკვე ნაკლები აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე დაკავებულნი იყვნენ საგარეო პოლიტიკით და იცით თქვენ, რომ არცერთი წერილი, რომელიც გამოაქვეყნეს, არ ეხებოდა საქართველოს მოქალაქეებს. ყველგან იყო თხოვნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ან არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები, არ ეღიარებინათ მთავრობის ლეგიტიმაცია. მშვიდობიან აქციებზე, რომელიც მიმდინარეობს, ოპოზიცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად არ გამოჩნდეს როგორც ლიდერი და ორგანიზატორი ამ პროცესების სწორედ იმიტომ, რომ როგორმე ეს მუხტი შეინარჩუნონ. მათი გამოჩენა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არჩევნების შემდგომ, სწორედ ისინი იყვნენ აქციების ორგანიზატორები“, – აღნიშნა ბოჟაძემ.