აითაჯ შახმაროვას მამა: მგონია, რომ ამ განაჩენის შემდეგ ჩემი შვილი ცოცხალია, სამართალმა იზეიმა
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა მიიღო.
მედიასთან კომენტარი აითაჯის მამამ, ისა შახმაროვმა გააკეთა.
“მე აითაჯის მამა ვარ და მოვედი, რომ მოსამართლისთვის მეთქვა, ჩემი შვილს მკვლელს სამუდამო სასჯელი მისცეს. მან ის მიიღო, რასაც იმსახურებდა. კმაყოფილი ვარ სამართლიანი სასამართლოთი. მგონია, რომ ამ განაჩენის შემდეგ ჩემი შვილი ცოცხალია. სამართალმა იზეიმა.
მან გამიზნულად გააკეთა. გამიზნულად მოკლა ჩემი შვილი. თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ ის არ არის კაცი, რადგან ქალზე ხელი ასწია და მოკლა. მე არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი გაათხოვეს. მალე ვაპირებდი ჩამოსვლას და ეს ამბავიც მოხდა”, – ამბობს ისა შახმაროვი.
ამავე საქმეზე, კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის, აითაჯის დედა და ბიძა.