ალეკო ელისაშვილი: ჩემთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა აღარ არის მკაფიო წითელი ხაზი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციაში სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით მსჯელობა და გადაჯგუფებები მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მკაფიო წითელი ხაზი აღარ არის.

„სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ოპოზიციაში მიდის მსჯელობა და გადაჯგუფებები. ჩემთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა დიდი ხანია აღარ არის მკაფიო წითელი ხაზი, მე ვამბობდი, რომ არც ერთიან საარჩევნო სიაში ყოფნას გამოვრიცხავდი, უბრალოდ აწონ-დაწონა გვჭირდება, რომელი უფრო ეფექტურია „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. რაც უფრო ეფექტურად დაგვამარცხებინებს „ქართულ ოცნებას“, მე იმის მომხრე ვარ. გარკვეული დისკუსიები მიდის და სხვადასხვა ჯგუფის გამსხვილებაზეც მიდის ლაპარაკი. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ – ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, არ დარჩეს 5%-იანი ბარიერის მიღმა, რადგან პარტიების ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ მინიმალურ ზღვარს, გადანაწილდება ძირითადად „ქართულ ოცნებაზე“, – განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები