ქართველმა კიბერმეცნიერმა მსოფლიოს ვებგვერდებს ქართული „ასწავლა“- Google, youtube, yahoo ქართულად დასმულ კითხვებს უპასუხებენ  

Google, yahoo, bing, yandex, youtube, myvideo – ეს ის პოპულარული ვებგვერდებია, რომლებისთვისაც ქართველ ინტერნეტმომხმარებლებს და ზოგადად საზოგადოებას მალე ხმოვანი ბრძანების მიცემით, „მაუსისა“ და კლავიატურის გამოყენების გარეშე სასურველი ინფორმაციის მოძიება შეეძლებათ. Google-translate-დან კი ნაკარნახევი ტექსტის მითითებულ ენაზე ავტომატურად თარგმნა.
გარდა ამისა პროგრამის ფუნქციების მართვა ღილაკების გარეშე. კიბერ-პროგრამისტი ირაკლი ქარდავა პირველი ქართველია, რომელიც აღნიშნულ ვებგვერდებს საკუთარი ხმით ქართულ ენაზე უკვე “მბრძანებლობს“.
სწორედ ირაკლი ქარდავას მიერ შექმნილი უნიკალური პროგრამით – Geo Voice-ით მოხდა ზემოთ ჩამოთვლილ ვებგვერდებთან ქართული ენის ინტეგრირება პოსტალური პროგრამის სახით. Geo Voice-ის შექმნისა და პროგრამის მექანიზმების დეტალებზე ირაკლი ქარდავა ექსკლუზიურად “კვირას“ ესაუბრა. ასევე ექსკლუზიურად “კვირას“ მკითხველი იხილავს ვიდეოს, სადაც თვასაჩინოების მიზნით ახსნილია, თუ როგორ ხდება პრაქტიკაში Geo Voice-ით სარგებლობა. ვიდეოში თავად ირაკლი ქარდავა დეტალურად განმარტავს მის მიერ შექმნილი ნოვაციური პროგრამით სარგებლობის პრინციპს.

– ირაკლი, მოდი, ავუხსნათ ინტერნეტმომხმარებლებს, რაში მდგომარეობს Geo Voice – ს უნიკალურობა და რა ახალ ფუნქციას შეიძენენ ქართული გუგლი და სხვა ვებგვერდები ამ პროგრამის ყოველდღიურობაში დანერგვით?

– უნიკალურობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ პროგრამა ემორჩილება ჩემს ხმოვან ბრძანებებს ქართულ ენაზე, ანუ ბრაუზერის ფუნქციებს ღილაკების დაჭერის გარეშე ასრულებს, სიტყვიერი მითითებების მიხედვით. ყოველდღიურობაში დანერგვა კი ხელს შეუწყობს პირველ რიგში უსინათლო ადამიანების მუშაობის გაადვილება კომპიუტერთან, ინტერნეტთან და ასე შემდეგ… თუმცა მთლიანი საზოგადოებისთვის გაამარტივებს მუშაობის პროცესს. აგრეთვე ხელს შეუწყობს ამ მიმართულების ქართულად განვითარებას.

-კონკრეტულად რომელი ვებგვერდების მომხმარებლები ისარგებლებენ ამ ფუნქციით, რა პრინციპით შეარჩიეთ ეს ვებგვერდები?10714717_299744650231725_639531916_n

-ამ ეტაპზე  ჩამონათვალში შევიყვანე შემდეგი პოპულარული ვებგვერდები: google – როგორც საძიებო ველი, ასევე თარგმნის განყოფილება, გარდა ამისა – yahoo, bing, yandex, youtube, myvideo. მომავალში, სურვილის მიხედვით, შესაძლებელია კიდევ დავამატო სხვა მსგავსი ვებგვერდები.

– შეიძლება თუ არა მობილურის მომხმარებლებმაც ისარგებლონ Geo Voice -ს ფუნქციით?

– ჯერჯერობით მხოლოდ კომპიუტერისთვის დავწერე პროგრამა, თუმცა იგივე შეიძლება დაიწეროს iPhone-სთვის, ანდროიდებისთვის და ასე შემდეგ სხვადასხვა მობილურისთვის.

– რითი არის უნიკალური geo Voice-ის მექანიზმი მსოფლიოს სხვადასხვაენოვანი გუგლის ანალოგიურ ფუნქციასთან?

– ჩემი პროგრამის მთავარი შინაარსი ის არის, რომ მასში ჩადებულია ხელოვნური ინტელექტის ელემენტები, რომლებიც შევიმუშავე ნეირონული ქსელების მეთოდების საფუძველზე, რაც მომავალში დამოუკიდებელი აზროვნების შესაძლებლობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნური ნეირონული ქსელებით შესაძლებელია ადამიანის ტვინის მოქმედების მოდელირება.

– როგორც ვიცი, პროგრამა მხოლოდ ვებგვერდებზე წვდომისთვის არ იქნება განკუთვნილი?

– დიახ ნამდვილად ასეა, პროგრამა არ იქნება მხოლოდ ვებგვერდებზე წვდომისთვის განკუთვნილი, არამედ თანდათან შევძენ მრავალ საინტერესო და ინოვაციურ ფუნქციას, რომელთა გამოყენება ქართული ხმოვანი ბრძანებებით შესაძლებელი იქნება. ამჟამად კი ამ პროგრამის მეშვეობით შეგვიძლია ზემოთ ჩამოთვლილი ვებგვერდების ფუნქციებზე წვდომა ქართული ხმოვანი ბრძანებებით, გარდა ამისა, პროგრამის მთავარი ინტერფეისის ფოკუსიდან გასვლა და შემოსვლა ჩემ მიერ წარმოთქმულ ქართულენოვან ბრძანებებს დავუმორჩილე, სამომავლოდ კი ვგეგმავ ტექსტის ამოღებას და ხმოვანი დიალოგის გამართვას პროგრამასთან ქართულ ენაზე, რაც არცთუ ისე შორი პერსპექტივაა. და, საერთოდ, ვგეგმავ ამ ტენდენციის დანერგვას მომავლის ტექნოლოგიებში საქართველოში, იმიტომ რომ, მსოფლიო ამ მიმართულებით აპირებს სვლას.

– რაც შეეხება google translate-ს, შეზღუდული ხომ არ ვართ კარნახისას? თუ მნიშვნელობა არ აქვს, რა მოცულობის ხმოვან ტექსტს ვუკარნახებთ სათარგმნად?

– ამ მიმართულებით არავითარი შეზღუდვა არ არის. უფრო მეტიც, თუ გვინდა ადრე ჩაწერილი აუდიოფაილი გვქონდეს ტექსტად აკრეფილი და შემდეგ მისი თარგმნა რომელიმე ენაზე, ამ შემთხვევაში პირდაპირ აუდიოფაილს „მოვასმენინებთ“ პროგრამას, ის ტექსტად აქცევს მას და იმ ენაზე გადათარგმნის ავტომატურად, რა ენაზეც გვსურს.

– მსგავსი სახის პროგრამა მსოფლიოში უკვე არსებობს?

– Google-ს სისტემაში, ინტეგრირებული შესაძლებლობის სახით, თუმცა მხოლოდ დიდი ენებისთვის, ისეთებისთვის, როგორიცაა ჩინური, ინგლისური, იაპონური. ამ სახის პროგრამა, საიტების ამ ჩამონათვალით, ასევე მსგავსი შესაძლებლობებით და მითუმეტეს ქართულ ენაზე  პირველია.

– დაახლოებით რა დრო და რა ბერკეტებია საჭირო, რომ ეს ინოვაცია პრაქტიკაში დაინერგოს და მისით ნებისმიერმა დაინტერესებულმა ინტერნეტმომხმარებელმა ისარგებლოს?

– როგორც კი სრულყოფილ აკუსტიკურ მოდელს მივიღებ, რომელსაც შეეძლება ნებისმიერი ადამიანის ქართული საუბარი აღიქვას, მაშინვე შესაძლებელია პროგრამის გამოყენება მსურველთათვის, იმ სახით, რა სახითაც ახლა არის წარმოდგენილი. პროგრამის საწყისი კოდი კი ღია დავტოვე, რაც მომავალში მისი დახვეწის საწინდარია.

მარიამ ზედგინიძე

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=5Df35qTIwRM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები