სალომე ზურაბიშვილი: ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, მაგრამ 29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით

ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარით მელაპარაკებიან და მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ ამაგდონ და ვთქვა, აბა რა. მეორე მხრივ, ძალიან მადლობელი ვარ, მესმის საზოგადოებისგან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფებისგან, დავიცავთ პრეზიდენტსო, მაგრამ დასაცავიც არ ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ქვეყანაში არეულობა არავის უნდა.

„არც მეშინია და ვნახოთ, სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი, ყველას მსახური, თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანას და სამშობლოს. ასე რომ, ყველაფერი ძალიან ნათელია. ყველაფერი ძალიან მარტივია. მინდა, ხაზი გავუსვა აუცილებლად, რომ არავის ამ ქვეყანაში არ უნდა არეულობა. ხელისუფლების, უფრო სწორად მმართველი პარტიის გეგმებში, სცენარებში, ზოგიერთი სცენარი ჩვენც გვაქვს ნანახი, აწვებიან იმას, რომ იქნება არეულობა, იქნება სამოქალაქო დაპირისპირება და რაღაცნაირად, ამ სცენარს უწყობენ ხელს. ნაძვის ხის მომენტი იყო ეს, გუშინაც ალბათ იმედი ჰქონდათ, ამიტომ იყო ამდენი პოლიციელი თავმოყრილი თავისუფლების მოედანზე.

შიგადაშიგ აბრალებენ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ უნდათ გადატრიალება, რევოლუცია, ამიტომ უნდა დაიჭირონ, გააუქმონ პარტიები და ა.შ. მეც მაბრალებენ რადიკალიზმს, არ ვიცი, სად დაინახეს. ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ, ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებთან ერთად და ამისთვის არანაირი არეულობა არ გვაწყობს. გვაწყობს ქვეყნის განვითარება და ქვეყნის განვითარებას სჭირდება მშვიდობა. თქვენ, რომლებიც ამდენს ლაპარაკობდით მშვიდობაზე, რეალურად გვაშინებდით გარე ომის საფრთხით, რომელიც ჯერ გაურკვეველი და გაუგებარია, ახლა გინდათ, დაგვაშინოთ შიდა ომით, არც ერთი არ გამოვა და არც მეორე. ეს ქვეყანა წავა თავისი გზით, მშვიდობიანად, გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს, იქნება ძალიან წარმატებული და ძლიერი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები