მირიან მირიანაშვილი: ქუჩაში გამოსული პოლიტიკური სუბიექტების უკან ძალიან სერიოზული ინტერესჯგუფები დგანან

“დღეს თბილისის ქუჩებში გამოსული პოლიტიკური სუბიექტების უკან ძალიან სერიოზული ინტერესჯგუფები დგანან. შეიძლება ითქვას, ჩვენ ახლა ტესტის ჩაბარება გვიწევს – ისე უნდა გადავლახოთ ეს სახიფათო ზონა, რომ დაზარალებულები კი არა, მოგებული დავრჩეთ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, მირიან მირიანაშვილი ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას რუსეთი ყოველთვის შეუშლის ხელს.

”ქართულ პოლიტიკურ ელიტას, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, ექსპერტთა საზოგადოებას და პოლიტიზებული სოციუმის დიდ ნაწილს არ ეგონა, თუ საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის მდორე ტემპი ასე აჩქარდებოდა და დასკვნით ფაზაში გადავიდოდა. ჩვენი პოლიტელიტა მზად არ აღმოჩნდა ამისთვის ფეხის ასაწყობად. ოპოზიციამაც ვერ გამოძებნა სწორი ნარატივი. დასავლეთს რუსეთის ფაქტორს სწორად ვერ უხსნის. პრობლემა ისაა, რომ ქართული სოციუმი კეკლუცობს, როდესაც ალალად ებრძვის რუსეთს – იმიტომ, რომ უამრავი ქართველი მყარი თოკით არის მიბმული რუსეთთან და მათი მყისიერი ჩაწყვეტა ადვილი არ არის. ჩვენ დასავლეთთან ინტეგრაციის პრობლემა კი არ გვაქვს, რუსეთის გასტუმრება გვიჭირს. დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში ისე ჩავერთეთ, რუსეთის გასტუმრების მოდელის შექმნა გადაგვავიწყდა. ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გაიმართოს დისკუსია, თუ როგორ დავიხსნათ თავი რუსეთისგან კატაკლიზმების გარეშე. რუსეთს ისეთ მომენტში უნდა გამოვეხსნათ, რომ ჩვენი უკან მიბრუნების რესურსი აღარ ჰქონდეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას რუსეთი ყოველთვის შეუშლის ხელს, ევროკავშირში რომ შევალთ, იქაც შეგვიქმნის პრობლემებს. მოსკოვში საქართველოს ევროკავშირში შესვლას ვერაფრით ვერ მოინელებენ, ეს რუსეთისთვის კავკასიაში ბატონობის დასასრული იქნება. მხოლოდ სამხრეთ კავკასიას კი არა, ჩრდილოეთ კავკასიასაც კარგავს… ჩემი წარმოდგენით, რუსეთს რესურსი ყველაზე მეტად დღეს აქვს დამცრობილი. როგორც კი მოსკოვი უკრაინასთან ომს მოითავებს, წარმატებული თუ წარუმატებელი შედეგით, მაშინვე დაიწყებს საქართველოსთვის ბარიერების გაზრდას ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ დღევანდელი მომენტი ყველაზე ოპტიმალურია. ამაზე უკეთესი მომენტი საქართველოს არც ამ დრომდე ჰქონია და არც მომავალში ექნება. ამიტომ, როგორ რისკიანადაც უნდა მოგვეჩვენოს, ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ.

რაც უფრო მეტად ჯიუტობს “ქართული ოცნება”, მით უფრო მეტად იზრდება ფსონი საქართველოზე. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ “ქართული ოცნების” მიერ ევროინტეგრაციის გზაზე ფეხის ათრევის გამო შეიძლება დასავლეთმა კიდევ მეტად ხელსაყრელი შემოთავაზებები გაგვიკეთოს. “ქართული ოცნება” ევროინტეგრაციის გზას კი არ გვიკეტავს, რუსეთის დასუსტების შეცნობის რესურსი არ აღმოაჩნდა, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვას ვერ ამჩნევს. ტყუილია, რაც არ უნდა მოინდომო, ვერანაირი ბოიკოტირებით ვერ ჩაშლი ევროინტეგრაციის პროცესს. რუსებმა კარგად იციან მიზეზშედეგობრივი გარემოებები და ხვდებიან, რომ სამხედრო ჩარევის გარეშე საქართველოში გავლენას ვერ დაიბრუნებენ. დასავლეთმა პოსტსაბჭოთა სივრციდან ათეულობით ქვეყანა წაიყვანა. მათ შორის არაერთ ქვეყანას ჰყავდა პრობლემური ხელისუფლება. მაგალითისთვის დაგისახელებთ ბულგარეთს, რომლის პოლიტიკური ელიტა ათჯერ პრორუსული იყო, ვიდრე ჩვენი, მაგრამ ამერიკამ მათი ამბიციების მოთოკვა მარტივად მოახერხა. სინამდვილეში, პრობლემა სულაც არ არის “ქართული ოცნების” ფეხის ათრევა ევროინტეგრაციის გზაზე. დასავლეთს ძალიან ძლიერი დიპლომატია ჰყავს და ძალიან კარგად იციან, რა უნდა შეიმჩნიონ და რა არა, ხომ არ გგონიათ, რამეს არ ხედავენ?! არ იმჩნევენ იმას, რაც არ სურთ: არ სურთ სამაგიეროს გადახდა საქართველოს ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ ამით ჩვენი ქვეყნის ისედაც მყიფე სახელმწიფოებრიობა კიდევ უფრო დასუსტდება. დასავლეთში ფიქრობენ, რომ “ოცნების” “ანტიდასავლური რიტორიკის მიზანი დასავლეთის მიერ ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიების დაწყებაა, რომელიც უპირველესად ქვეყანას დააზიანებს.

ამერიკულ პოლიტიკაში ოთხი დაჯგუფებაა, რესპუბლიკურ პარტიაში ორი – ტრამპისტები და რეიგანისტები, და ორიც დემოკრატიულ პარტიაში – ცენტრისტები და მემარცხენეები. ერთმანეთთან ვერაფერზე შეთანხმდნენ, გარდა ერთისა, რომ საქართველოში გამოეგზავნათ საპროტესტო ნოტა ე.წ. აგენტების კანონის შესახებ. ეს იცით რას ნიშნავს? თუ “ქართულმა ოცნებამ” რეალურად მოახდინა დასავლური კურსის საბოტირება, ამერიკული ელიტიდან დიდ პრობლემებს წააწყდება. ეჭვი მეპარება, ბიძინა ივანიშვილი ამისთვის მზად იყოს. რუსეთს რუსეთ-უკრაინის ომში ტრამპზე აქვს ფსონი დადებული, მაგრამ როგორც ამერიკელი სენატორების მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი წერილით ირკვევა, “ქართულ ოცნებას” ტრამპის იმედიც არ უნდა ჰქონდეს – ანუ ტრამპისტებიც კი საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრების მოსურნეები არიან. შესაბამისად, “ქართული ოცნება” საგარეო ასპარეზზე მხარდაჭერას ვერავისგან ვერ მიიღებს ორბანისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის გარდა, რაც დასავლეთთან დაპირისპირებაში სასაცილოდ არასაკმარისია.

მსოფლიო ეკონომიკას დასავლეთი აძლიერებს. ჩინეთს არანაირი ბერკეტი და სურვილი არა აქვს, საქართველოს ეკონომიკას შეეხიდოს დასავლეთიდან ტოტალური ეკონომიკური ბოიკოტის შემთხვევაში. საქართველოს ეკონომიკა ერთ დღესაც ვერ გაუძლებს დასავლეთის ზეწოლას. ხშირად ერთმანეთში ვურევთ დასავლეთის ზეწოლის სხვადასხვა ინსტრუმენტს. მაგალითად, პოლიტიკური ელიტის დასანქცირება არანაირ კავშირში არ არის საქართველოს ეკონომიკასთან და თუ დასავლეთი ამის საჭიროებას დაინახავს, გამოიყენებს კიდეც. ვფიქრობ, ეს იცის ივანიშვილმაც და როგორც კი საფრთხეს დაინახავს დასავლეთიდან, წინააღმდეგობას შეასუსტებს. დასავლელ პოლიტიკოსებს შორის ძალიან სერიოზული დისკუსია იყო, თუ ვინ შეერჩიათ კომუნიკატორად. ეს პიროვნება შეირჩა მაკრონის შუამდგომლობით და ის სალომე ზურაბიშვილია. შარშან შემოდგომით, როდესაც ზურაბიშვილი სალივანს შეხვდა, საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს. ამერიკული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ზურაბიშვილს პირობა ჩამოართვეს, რომ მის პიროვნულ როლზე საუბარი არ იქნებოდა და ის მხოლოდ გარდამავალი ფიგურა იქნებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამერიკელების ძირითადი პრეტენზია ივანიშვილთან იმაში მდგომარეობს, რომ თავად სურთ საკუთარი მომხრეების ბანაკი ააწყონ. ივანიშვილმა პოლიტიკურ ორბიტაზე თავად დატოვა “ნაცმოძრაობა”, მერე დაშალა და ნაწილ-ნაწილ შეაძლია ამერიკელებს. ამაზე რომ არ დათანხმდნენ, მერე სხვა პოლიტიკურ კონსტრუქციებს სთავაზობდნენ. ეს ეპოქა დასრულდა, ახლა ამერიკელებს თავად სურთ ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი მხარდამჭერების შეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები