შოთა თუთბერიძე: უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს
დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილება დაკავებული უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე დაუსაბუთებელია.
ადვოკატის თქმით, უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს.
“სამწუხაროდ, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა. ცხადია, საქმის მასალები უნდა დავამუშაოთ და გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს”, – განაცხადა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.