„მერაბიშვილი მერაბ კოსტავა არ არის, რომ ციხეში იდეის გულისთვის იჯდეს“
„ნაციონალები აქტიურად ემზადებიან სახელმწიფო გადატრიალებისთვის“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერთან სანდრო ბრეგაძესთან ინტერვიუს სთავაზობს. როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რამდენიმე მილიონერია მოთავსებული და მათ შორის არის ივანე მერაბიშვილიც.
„მერაბიშვილი მერაბ კოსტავა არ არის, რომ ციხეში იდეის გულისთვის იჯდეს და სასჯელი ღირსეულად მოიხადოს! მერაბიშვილი ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ ფაქტობრივად გულშემატკივრები აღარ ჰყავს და იძულებულია, მხარდამჭერები ფულით იყიდოს! მერაბიშვილი გაღლეტილი კი არა, მილიონერია! საერთოდ, რამდენიმე მილიონერი გვიზის ცეხეში- მერაბიშვილი, უგულავა, ახალაია, ხოლო რამდენიმე მილიონერი – სააკაშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი – ქვეყნიდან გაქცეულია! მერაბიშვილმა თავის მომხრეებს შემოუთვალა, მთელ ჩემს ქონებას დავხარჯავ, ოღონდ როგორმე ციხიდან გამიყვანეთო!“ – ამბობს ბრეგაძე.
ამავე ინტერვიუში მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი ყოფილი ხელისუფლების წევრების აქტიურობაზე საუბრობს.
„ყველაზე მეტად აქტიურობს თავისუფალი ზონა“ კობა ხაბაძის მეთაურობით. ისინი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ჰპირდებიან, რომ აქციების მოწყობას დაიწყებენ, თბილისურ „მაიდანს“, აიძულებენ ხელისუფლებას, რომ გადადგეს და შემდეგ მერაბიშვილს, ახალაიასა და სხვებს საპატიმროდან გაათავისუფლებენ! ეს არის ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებით ვიცი! ეს ინფორმაცია ციხიდან გამოვიდა! კიდევ ვიმეორებ, გასაკვირი იქნება, მერაბიშვილი რომ არ ტიროდეს! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ნაციონალები“ აქტიურად ემზადებიან სახელმწიფო გადატრიალებისთვის და უკვე შეუდგნენ იმ გეგმის აღსრულებას, რომელიც მათ სააკაშვილმა ჯერ – კიევში და მერე სარფში დაუსახა!“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.