“სალომე ზურაბიშვილს კრიმინალების მეტი არავინ შეუწყალებია, სინდისი და ნამუსი რომ ჰქონდეს, უნდა გადადგეს”, – ამის შესახებ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რობაქიძე პრეზიდენტის მიერ 2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდადებულის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას გამოეხმაურა.
“დღევანდელ განცხადებას ასე დავიწყებ: როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს კიდევ 9 პუნქტი დარჩა შესასრულებელი, მინდა ვთქვა, 2012 წელს, როდესაც “ოცნება” ბიძინა ივანიშვილის თამადობით მოვიდა, როცა აღარ იყვნენ სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, მათ სასამართლოს 0,01 % აღარ ჰქონდათ, მაშინ საქართველომ თორმეტივე პუნქტი შეასრულა, რასაც დღეს ევროპა ითხოვს.
ახლა შეწყალებასთან დაკავშირებით. არ მინახავს სახელმწიფო, რომლის პრეზიდენტი ოპოზიციაში იყოს. ქალბატონი ზურაბიშვილი მოღალატე ადამიანია, რომელსაც სინდისი და ნამუსი რომ ჰქონდეს, უნდა გადადგეს. კრიმინალების მეტი არავინ შეუწყალებია. ქართველ ხალხს მოვუწოდებ, ჩვენც გადავდგათ ნაბიჯი, მივიდეთ პრეზიდენტის სასახლესთან (გამოვაცხადებთ, როცა ამას გავაკეთებთ), ეს ადამიანი ვაიძულოთ, გადადგეს.
აქ ორი გამწარებული ადამიანი ვართ, რეპრესიებში მოყოლილები, მე და თორნიკე მოლაშვილი. მაშინ ჩვენ იმათზე მეტად გამწარებულები ვიყავით, ვიდრე ის, ვინც შარშან მარტში პოლიციას ქვას ესროდა, ცოცხლად წვავდა. მაშინ მანქანები დაწვეს. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. მათზე მეტად გამწარებულები ვიყავით, ერთადერთი შვილი მომიკლეს მეც, გურამ გირგვლიანსაც, თორნიკე მოლაშვილს ციხეში ძმა უწამეს, რამდენი ასეთი ადამიანი ვიცით, მაგათზე მეტი შეგვეძლო, გაგვეკეთებინა. მაშინაც კანონმორჩილები ვიყავით, ახლაც კანონმორჩილები ვართ, არსად ერთი შუშა არ ჩამტვრეულა. დღეს ამ ადამიანს “გმირს” ეძახიან. ყველამ კარგად ვნახეთ კადრები: როგორ ესვრიან პოლიციელებს თავში ქვებს, როგორ აგინებენ, რა იერიში მიაქვთ. ახლა უნდათ, თქვან, რომ ეს, თურმე, არ მომხდარა, დაზიანებები არ ყოფილა.
რაც შეეხება ამ ე.წ. რუსულ კანონს. აქ ვინც ვართ, ჩვენც, თქვენც ყველას გვინდა, ევროპაში ვიყოთ. ვინ იძახის ევროპა, ევროპაო? გვარამია გამოვიდა, კაცი – რომელიც ღვინოში რასაც აკეთებდა, ხომ კარგად იცით? არ მინდა, ის სიტყვა ვთქვა, უწუმაწური სიტყვებით აგინებდა პატრიარქის მოსაყდრეს, მთელ საპატრიარქოს, ქართველ ხალხს. გვარამია, მელია, ბოკერია, მერაბიშვილის “სასტავი”, დახვრეტებით, გაუპატიურებებით, ხალხის გაქრობით, გადატანილი ციხეებით, თურმე, ევროპაში შედიოდნენ. ესენი მოძალადე ადამიანები არიან, ვიღაცას კიდევ გააუბედურებენ. ამათ ევროპული არაფერი აქვთ”, – განაცხადა რობაქიძემ.
ცნობისთვის, 2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდადებული, ლაზარე გრიგორიადისი პრეზიდენტმა შეიწყალა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.