“ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებით, ქალბატონმა პრეზიდენტმა, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში მომავალ დანაშაულს მწვანე აუნთო”, – ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა კრიმინალს ხელი არ უნდა შეუწყოს.
“პოლიციელი როდესაც სახლიდან გამოდის, 30 %-იანი გარანტია არ აქვს, რომ სახლში საღ-სალამათი დაბრუნდება. სტატისტიკურად ასეა. ეს მისი პროფესიიდან გამომდინარეობს. საუბარია რაზე: როდესაც პიროვნება პოლიციელის სიცოცხლეს ხელყოფს, ფიზიკურ ზიანს აყენებს, მერე პრეზიდენტი ამ ადამიანს ისე იწყალებს, რომ ამ პოლიციელებს ერთი სიტყვით ბოდიშს არ უხდის, ეს დანაშაულისთვის საქვეყნოდ მწვანეს ანთებაა.
ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ქალბატონი სალომე თავად უნდა იყოს მაგალითი, ხალხმა რომ მიბაძოს და არა პირიქით, კრიმინალს ხელი არ უნდა შეუწყოს. ამ ნაბიჯით ქალბატონმა პრეზიდენტმა, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში მომავალ დანაშაულს მწვანე აუნთო. იქნება მიტინგები, ოპოზიციის მხრიდან დარბევები. გარანტირებულად თავი ქუდში აქვთ იმით, რომ მომავალში ქალბატონი სალომე ამ ხალხს შეიწყალებს. როგორ შეიძლება, იმის წინააღმდეგი ვიყო, რომ ახალგაზრდა ადამიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვოს? ღმერთმა ქნას, ციხიდან ყველა გამოვიდეს. გაცილებით ლმობიერი მუხლებია, რაზეც ახალგაზრდები სხედან, მაგრამ, რადგან გაპოლიტიკურებული, გახმაურებული თემები არაა, მათ არავინ იწყალებს. რისი თქმა მინდა: ქალბატონი პრეზიდენტი ხაზს ზუსტად იმას უსვამს, რომ ქვეყნის ერთიანობას, რაც შეიძლება ზიანი მიაყენოს. გმირები პოლიციელები არიან.
არ არის გამორიცხული, აქციები დავაანონსოთ კიდეც.
ერთ რამესაც დავამატებ: დიდი ეჭვი მაქვს, რომ დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით საარჩევნოდ სააკაშვილსაც შეიწყალებს”, – განაცხადა მოლაშვილმა.
ცნობისთვის, 2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდადებული, ლაზარე გრიგორიადისი პრეზიდენტმა შეიწყალა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.