ლევან ლორთქიფანიძე: არჩევნები, რა თქმა უნდა, პოლარიზებულ გარემოში ჩაივლის
“არჩევნები, რა თქმა უნდა, პოლარიზებულ გარემოში ჩაივლის, მაგრამ მთავარი ის არის, რა თემების გამო გამწვავდება პოლარიზება”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ლორთქიფანიძემ ინტერვიუში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა.
“ამ გადაწყვეტილებას, სულ მცირე, ორი განზომილება აქვს. ერთი გეოპოლიტიკური, საგარეო-პოლიტიკური და ადგილობრივი, შიდა პოლიტიკაზე დამოკიდებული. გეოპოლიტიკურად ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაძაბავს საქართველოსა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ურთიერთობას. ევროკავშირმა ჩვენ, ასე ვთქვათ, ავანსი მოგვცა, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა. ამით გამოთქვა იმედი, რომ რეფორმებს გავატარებდით, გამოგვიგზავნა 9 რეკომენდაციაც, სადაც საუბარი იყო ევროკავშირის დათქმების შესრულებაზე, თუნდაც გენდერული კვოტირების საკითხი ართულებს ამ 9 პუნქტის შესრულებას და ა.შ. მოკლედ, გეოპოლიტიკურად ეს ძალიან დაძაბავს ვითარებას ევროკავშირთან და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნება” არა მარტო დასავლეთისკენ იყურება, უკვე სხვა მიმართულებითაც აქვს მოსინჯული ნიადაგი – მაგალითად, ჩინეთის და რუსეთის ხელისუფლებასთან ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებასაც ცდილობს. შიდაპოლიტიკურად დიდ დაძაბულობას გამოიწვევს არა მარტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ხელისუფლებასა და ე.წ. მდიდარ ენჯეოებს შორის, მწვავე კონფლიქტი იქნება ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ჯგუფებს, ახალგაზრდებს შორისაც – ანუ ვიღებთ არა მარტო პარტიებს შორის პოლარიზაციას, ამ პარტიებთან დაკავშირებულ ენჯეოებსა და ხელისუფლებას შორის პოლარიზაციას, არამედ პოლარიზება შეიჭრება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფშიც, ვთქვათ, ახალგაზრდობასა და სამოქალაქო მოძრაობებში. ასე რომ, ამ კანონის ხელახლა ინიცირება ძალიან დაამძიმებს ისედაც არცთუ კარგ ვითარებას. ამ კანონის კვლავ წინა პლანზე წამოწევა არარაციონალური დემოკრატიისთვის საზიანო ნაბიჯია… მგონი, პრეზიდენტი ცდილობს საკითხები, რომლებიც მისი აზრით პრობლემურია, პოლიტიკურ ძალებთან ერთად განიხილოს. დარწმუნებული ვარ,“ქართულმა ოცნებამაც” რომ მოინდომოს ზოგიერთი საკითხის სახელმწიფოს მეთაურთან ერთად გაანალიზება, ის ამისთვისაც მზად იქნება. მე არ ვიცი, რა შესთავაზეს ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, პრეზიდენტი ეძებს გზებს, რათა როგორმე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა ხიდი არ დაიწვას. ცდილობს ხელი შეუშალოს “ქართული ოცნების” პოლიტიკას, რომლის მიზანია მუდმივ კონფლიქტში იყოს ბრიუსელთან. აქციების მასშტაბი წინასწარ გათვალა “ქართულმა ოცნებამ”. იცით, როცა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ბატონმა მდინარაძემ განაცხადა, რომ 3 თვეს გაგრძელდება დისკუსია ამ კანონის შინაარსზე. ასე რომ, კანონის მიღების პერიოდი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს დაემთხვევა. გონივრულად შეარჩიეს დრო – ეს ერთი; მეორე – კონფლიქტები დიდხანს იმ შემთხვევაში გრძელდება, როცა არც ერთი მხარე ბოლომდე მართალი არ არის – ენჯეო-სექტორსაც აქვს თავისი პრობლემები. ზოგიერთ მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციას მართლაც არ უნდა თავისი ფინანსების გასაჯაროება. ჰგონიათ, თვითონ ყველაფრის უფლება აქვთ და სხვას, ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, არაფრის უფლება არა აქვთ.
მათ არა აქვთ უფლება დამალონ თავიანთი დაფინანსება. თუ თავს აძლევ უფლებას, რომ არ გაასაჯაროო ყველაფერი, მეორე მხარესაც სურს იგივე, რომელ სექტორშიც არ უნდა საქმიანობდეს. ბოლომდე მართალი არც სამოქალაქო სექტორია. ამ საკითხს დაიხვევენ თითზე პროპაგანდისტული მედიასაშუალებები და ბუნებრივია, შეეცდებიან დაყონ საპროტესტო მუხტი. ოპოზიციას საპროტესტო-საორგანიზაციო რესურსი მაინცდამაინც დიდი არა აქვს, სახელიც გატეხილი აქვს და თუ შარშან გაიმარჯვა ამ მოძრაობამ, იმიტომ, რომ ძალიან ნაჩქარევად იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ახლა ”ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, მიაღწევს მიზანს, კანონს გაიტანს და არა მგონია, ამას მასობრივი გამოსვლები მოჰყვეს. თუმცა ამას მხოლოდ დღევანდელი გადმოსახედიდან ვამბობ. ღმერთმა ქნას, ეს კანონი უკან წააღებინონ, ან მის ნაცვლად რაღაც სხვა ადამიანური, შეთანხმებაზე დაფუძნებული კანონი მივიღოთ.
არჩევნები, რა თქმა უნდა, პოლარიზებულ გარემოში ჩაივლის, მაგრამ მთავარი ის არის, რა თემების გამო გამწვავდება პოლარიზება. “ქართულმა ოცნებამ” უკვე გამოკვეთა დღის წესრიგში ორი საკითხი. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში პოლიტიკური ჯგუფები ორ ნაწილად დაიყოფიან: ჯგუფები, რომლებიც მხარს უჭერენ, პირობითად ვამბობ, ოჯახს, კონსერვატიულ ღირებულებებს, ქრისტიანობას და მეორე მხარეს იქნებიან ლგბტ მოძრაობის მომხრეები. ხელისუფლება იტყვის, რომ ის სიწმინდის მომხრეა და დანარჩენი, ვისაც სურს დედას დაერქვას მშობელი #1, ხოლო მამას მშობელი #2, ჩვენთან ვერ იქნებაო. ეს იქნება ერთი მთავარი თემა. მეორე – გეოპოლიტიკური საკითხები. “ქართული ოცნება” ისევ იტყვის, რომ ანტიიმპერიალისტური, თავისუფლებისთვის მებრძოლი პატარა ქვეყნის ინტერესების დამცველი ძალაა, ოპოზიცია გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი დამქაშიაო. აი, ასე ამარტივებენ წინასაარჩევნო პროცესს, მარტივ თემებამდე სურთ მისი დაყვანა. მესამე მახასიათებელიც, რაც ამ არჩევნებს ექნება, მარტივად ჩანს – ხელისუფლება უარს არ იტყვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. მთელი ბიზნესსექტორი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, “ქართული ოცნების” ყულაბას შეავსებს. ასე რომ, გაყალბების აუცილებლობაც აღარ დგება, როცა ადმინისტრაციული რესურსი შენს ხელშია, პოლიცია, სუს-ი და პლუს თემურ ჭყონიას გარდა, ყველა ბიზნესმენი შენ გაფინანსებს, გამარჯვების მოპოვება იოლია. ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლია მხოლოდ იმას, თუ მესამე და მეოთხე პატარა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ არიან მიკედლებული არც “ნაციონალებთან” და არც “ოცნებასთან”, გადალახავენ 5%-იან ბარიერს. ეს ნამდვილად ამოაყირავებს “ქართული ოცნების” გეგმას. ერთადერთი, რაც დღეს იკვეთება, მკვეთრად დისტანცირებული “ოცნებისგანაც” და “ნაციონალებისგანაც”, ბატონი გახარიას პარტიაა, მაგრამ ბატონი გახარია ძალიან პასიურობს, გვიან გააქტიურდა, რეგიონებში თავის პარტიულ სტრუქტურებს არ იყენებს. ასე რომ, მისი ბარიერის გადალახვის საკითხი ჯერ სათუოა. ასე რომ, ძალთა ბალანსი რამდენად შეიცვლება, ეს თემა ღიად რჩება და ჯერ არ ვიცით. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ხიფათს ქმნის პოლარიზებულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, განმეორდება ის, რაც ხდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ – პროტესტი, პოლიტიკური სისტემის ჯანჯღარი, არასტაბილურობა და ა.შ., რაც, ბუნებრივია, ძალიან აფრთხობს ინვესტორებს, დასავლეთს და ძალიან არასერიოზული ქვეყნის შთაბეჭდილებას ვტოვებთ, ისეთი ქვეყნის, სადაც საქმეს არავინ აკეთებს და მუდმივი აურზაურია. გარდა იმისა, რომ ეს, ჩვენს იმიჯს აზარალებს, სახიფათოცაა. ვიცით, როგორი “კეთილი” მეზობლები გვყავს ჩრდილოეთით თუ სამხრეთით…”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.