ირაკლი მელაშვილი: დღეს ოპოზიცია ძალიან უცნაურ რეჟიმშია
”დღეს ოპოზიცია ძალიან უცნაურ რეჟიმშია. ვერც იაზრებენ, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა. სულ რამდენიმე თვეში წინასაარჩევნო პროცესი ოფიციალურად დაიწყება და ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან, ვინ ვისთან დაწყვილდება და რა ფორმატით გავლენ არჩევნებზე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ადამიანებს უნდა აჩვენო გამოსავალი, მთავარი ეს არის, მაგრამ გამოსავალს არავინ აჩვენებს.
“ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე წავა, მაგრამ ამ პოლიტიკით ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების რეიტინგი ეცემა, მაგრამ მათი არ იზრდება. ხელისუფლების ასეთი დაცემული რეიტინგის პირობებშიც ოპოზიცია რომ ვერ ახერხებს ვერაფერს და მათი გამარჯვება ძალზე სათუოა, ამას მოხერხება უნდა. დღეს ოპოზიცია ძალიან უცნაურ რეჟიმშია. ვერც იაზრებენ, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა. სულ რამდენიმე თვეში წინასაარჩევნო პროცესი ოფიციალურად დაიწყება და ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან, ვინ ვისთან დაწყვილდება და რა ფორმატით გავლენ არჩევნებზე. ეტყობა, სიურპრიზს გვიმზადებენ და ეს ბლოკები მერე ჩამოყალიბდება, მაგრამ ჯერჯერობით მუდმივი საუბრები იმაზე, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საზოგადოებაში უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს, ვიდრე მოლოდინს აჩენს. ლიდერების მიმართ უფრო არასერიოზულობის განცდა ჩნდება, ვიდრე პოზიტიური მოლოდინი. მარტივ მაგალითს მოვიყვან – გაიძახიან, ქვეყნიდან 800 ათასი კაცი გავიდაო, და უკან არავინ არ დაბრუნებულა? თუ ზრდასრულ მოსახლეობაზეა ლაპარაკი, დავრჩენილვართ მილიონ ხუთასი ათასი. რვაასი ათასი თუ გავიდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე მინიმუმ 40%-ით უნდა გავზარდოთ და მაშინ ეკონომიკაში საქმე მაგრად გვქონია, მაგრამ გვაქვს? რაღაც ლოგიკურად ხომ უნდა გადააბა, მოსახლეობას აბსოლუტურად იდიოტად ხომ არ უნდა თვლიდე? წინა არჩევნებმა აჩვენა, რომ სრულიად სხვა მოლოდინი ჰქონდათ და სრულიად სხვა შედეგები მიიღეს. არც ახლა არის უკეთესად საქმე, რასაც მე ვაკვირდები. ერთადერთი, რაღაც ნიშის დაკავებას ცდილობს გახარიას პარტია და რამდენად გამოუვა, არ ვიცი, რადგან აქამდე გახარიას სიჩუმე ოქრო იყო სხვა ლიდერების სისულელეების ლაპარაკის ფონზე და ამას გარკვეული რეიტინგი მოჰქონდა. წინასაარჩევნო კამპანია რომ გახურდება, რას იზამს, არ ვიცით, კამპანიაში სიჩუმე აღარ გამოვა. ადამიანებს უნდა აჩვენო გამოსავალი, მთავარი ეს არის, მაგრამ გამოსავალს არავინ აჩვენებს. როგორც “ლელოს” 1000-ლარიანი პენსია არ არის გამოსავალი, საიდან მოიტანენ ამ ფულს, რომელსაც დღევანდელი ბიუჯეტის 1/3 სჭირდება, ასეთივე არადამაჯერებელია ის დაპირებები, რომლებიც გაიცა – თურმე მეტროს 15 სადგურს ავაშენებთ. საიდან მოვიდა ეს იდეა, რომელსაც ქალაქის დაახლოებით 25 წლის ბიუჯეტი დასჭირდება, თორემ კი ბატონო, ან მეტრო რატომ, როცა ტრამვაი უფრო იაფი ჯდება?! ასეთი დაპირებები 20-25 წლის წინანდელ ამომრჩეველზე უფროა გათვლილი, ვიდრე ახლანდელზე.
პოლარიზაციის შემცირებით არავინ არ არის დაინტერესებული საარჩევნო წელს, რადგან ორივე ძირითადი მოთამაშის ხმების მოგროვების ტაქტიკა ფოკუსირებულია პოლარიზაციის გაზრდაზე და არა შემცირებაზე. “ოცნებამ” ახლა ლგბტ თემა შემოაგდო, რომელიც მთელ მსოფლიოში პოლარიზაციის საკითხია და ესენიც იყენებენ ასე – აი, ვინც ჩვენი მომხრე არ არის, ლგბტ პროპაგანდის მომხრეაო, რაც უფრო ზრდის პოლარიზაციას. ორივე ძირითადი ძალა ამ პოლარიზაციით არის დაინტერესებული და დანარჩენებიც აყოლილი არიან, რადგან ვერ ხედავენ სხვა ვერანაირ შანსს. ზოგიერთი უფრო მეტად ცდილობს პოლარიზაციის ხარისხის გაზრდას, რათა იქნებ ასე უფრო მოიპოვოს რამე. ამ სიტუაციაში რა პოლარიზაციის შემცირებაზეა ლაპარაკი? საერთოდ, არჩევნებს ახასიათებს პოლარიზაცია, მაგრამ ჩვენთან ეს გადავიდა პოლიტიკური ლიდერების პიროვნულ დაპირისპირებაში. ეს არის ყველაზე საშიში, რადგან ამან ჩვენ 1991 წელს სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანა. მას შემდეგ წლების განმავლობაში პოლიტიკური დაპირისპირებები იყო, პოლარიზაციის გარკვეული ხარისხიც იყო, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან ურთიერთობასა და გადამწყვეტ მომენტში მოლაპარაკებასაც ახერხებდნენ ისე, რომ სისხლიან დაპირისპირებამდე და სამოქალაქო უბედურებამდე საქმე არ მისულიყო. “ნაცმოძრაობის” დროს გაიზარდა პიროვნული დაპირისპირება. მაშინ დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური და მორალური განადგურება და დღესაც იგივე გრძელდება, თან ტემპერატურა მატულობს და მატულობს. ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ “ნაცმოძრაობის” დროს მართლა პოლიტიკური ლიდერები იყვნენ, მიუხედავად ყველაფრისა, პასუხისმგებლობა ჰქონდათ, რომ რაღაც ზღვარზე არ გადაებიჯებინათ. დღეს კი იმ ადამიანებს, ვინც ლიდერებად მოგვევლინენ, პოლიტიკური გამოცდილება არა აქვთ, მხოლოდ საკუთარი თავის პოლიტიკაში შენარჩუნება სურთ. პოლიტიკური გამოცდილების უქონლობამ შეიძლება ძალიან აჭრას სიტუაცია, რადგან ის ნეგატიური გამოცდილებაც კი, რაც იყო, მაინც გამოცდილებაა და ამას ყველა ითვალისწინებდა 1990-იანების შემდეგ. დღეს ამას აღარ ითვალისწინებენ. დღევანდელი პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა 2012 წლამდე პოლიტიკაში არც ყოფილა”, – განაცხადა მელაშვილმა.