ლაშა ბერიძე: ახლა ევროპელ ლიდერებს უდგათ გამოწვევა – შეუძლიათ თუ არა, აშშ-ის გარეშე დაიცვან ევროპის უსაფრთხოება

”აშკარაა, რუსეთი ემზადება ნატო-რუსეთის ომისთვის, ეს უკვე რეალური საფრთხეა. რაც მთავარია, ახლა ევროპელ ლიდერებს უდგათ გამოწვევა – შეუძლიათ თუ არა, აშშ-ის გარეშე დაიცვან ევროპის მოსახლეობა, ევროპის უსაფრთხოება. ასეთი შიში გააჩინა ტრამპმა და ახლა ტესტი იქნება, შეძლებს თუ არა დასავლეთი ჯერ უკრაინის დაცვას”, – ამის შესახებ პოლკოვნიკი, ლაშა ბერიძე ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, უკრაინა გაიმარჯვებს, თუმცა ომი 3-4 წელიწადს ან უფრო მეტხანსაც გასტანს.

“რუსეთი სარაკეტო დარტყმებს აყენებს უკრაინის ქალაქებსა და სტრატეგიულ ობიექტებს. ვინაიდან ამერიკული დახმარება შეფერხდა, იგრძნობა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა შესუსტებულია და რუსეთი ცდილობს უფრო მასირებული დარტყმები მიაყენოს. რაც შეეხება უკრაინას, მან უკვე პრაქტიკულად გადაიტანა ბრძოლა რუსეთის ტერიტორიაზე. ბომბავს სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტს, ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს… ბელგოროდისა და კურსკის ოლქში რუსი მოხალისეების შეჭრას უკვე ჩვეულებრივი რეიდის სახე არა აქვს, უფრო სისტემური ხასიათი მიიღო. რუსეთის ტერიტორიის დაბომბვები ჯერ მცირე მასშტაბისაა, მაგრამ შესაძლოა გაფართოვდეს. უკრაინას არ აწყობს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ის ცდილობს ნებისმიერი გზით და ნაკლები დანაკარგით გააგრძელოს ბრძოლა. ძალიან ინოვაციური იყო რუსეთის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა. რუსეთი დაუცველია საჰაერო დაცვის მხრივ. რაც შეეხება რუს მოხალისეებს, მნიშვნელოვანი ფაქტორია შეტევა ბელგოროდსა და კურსკის ოლქებზე და, ალბათ, ეს რამდენიმე მიზანს ემსახურება: 1. რუსეთს მოუწევს ფრონტის ხაზიდან ყურადღების გადატანა ამ მიმართულებებზე და იქ რეგულარული ქვედანაყოფების შეყვანა; 2. მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფაქტორი – თუკი აქამდე რუსეთისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის კერა ყოველთვის იყო კავკასია, ახლა ბატალიონი “ციმბირი” და სხვადასხვა ქვედანაყოფი, ანუ თვითონ რუსები და სხვა ეთნიკური ჯგუფებიც გამოდიან პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ფაქტობრივად, პუტინმა რუსეთში ჩაკლა ყველა სახის ოპოზიცია და წინააღმდეგობა, ნავალნის მკვლელობა იყო ბოლო წერტილი. ვინც პუტინის მოწინააღმდეგეა, ან ქვეყნიდან გაქცეულია, ან მოკლულია. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია არ არის და არც რაიმე პერსპექტივა ჩანს, ყოველთვის ვითარდება რადიკალური სცენარი იატაკქვეშეთიდან. კრემლს თუ საშუალება ექნა, ეჭვი არ შეგეპაროთ, აუცილებლად გაამძაფრებს დაბომბვებს. ის არად დაგიდევთ სამოქალაქო მსხვერპლს, მას წესები და კანონები არ ანაღვლებს. რუსეთი გამოიყენებს ყველაფერს! უკრაინელები ყველაზე დაუნდობელ და დიდი შეიარაღების ქვეყანას ეომებიან.

ევროპელმა ლიდერებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს. იციან რა, რომ მათთვის აშკარა საფრთხე ახლოვდება, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. ამერიკაში გაუგებარი და რთული პროცესები მიმდინარეობს, როგორც დემოკრატებში, ასევე რესპუბლიკელებში. გაიხსნება თუ არა ეს კვანძი, ძნელი სათქმელია, თუმცა აშშ-ის მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია. თუკი უკრაინას საკმარისი საჰაერო თავდაცვა აღარ ექნება, რომელიც ამას გაანეიტრალებს, სამოქალაქო მსხვერპლი ძალიან დიდი იქნება. ტრამპის მიმართულებაა, რომ აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოება უფრო მეტია, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა, ამიტომ კონგრესი ამ თემით მანიპულირებს, დემოკრატები არ თმობენ, რაც მავნებლური შიდაპოლიტიკური კონტექსტია… ამერიკის დახმარება ბევრ რამეს მოიცავს, მაგრამ საბრძოლო მასალებსა და ბევრ სხვა რაღაცაზე პასუხისმგებლობა ევროპამ აიღო – ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკის დახმარება, ძირითადად, მაინც საჰაერო თავდაცვას და თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას მოიცავს. ამერიკამ უკვე გადადგა ნეგატიური ნაბიჯები და ევროპამ ამიტომ აიღო ხელში ინიციატივა. ევროპელები ძალიან ნერვიულობენ იმაზეც, რა პოლიტიკას გაატარებს ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში.

ტრამპის რიტორიკა ევროპელებს წარმოაჩენს როგორც უუნარო, უხერხემლო და უპრინციპო ხალხს, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა, უკრაინის დაცვაზე აღარაა ლაპარაკი. მაკრონისა და ევროპელი ლიდერების განცხადებები სწორედ იმას ნიშნავდა, რომ მათ შეუძლიათ არა მარტო უკრაინის, არამედ თავის დაცვაც, თუ საჭირო გახდა ბირთვული იარაღითაც. ევროპამ უნდა აჩვენოს თავის მოსახლეობას, რომ შეუძლია მისი დაცვა, რომ ამერიკაზე არ არიან ჩამოკიდებული და ტრამპის კურთხევას არ დაელოდებიან, რომ რაიმე დახმარება გამოუგზავნონ. სხვათა შორის, ვერ ვიტყვი, რომ ნატოს ოფსაიტი ემუქრება, მაგრამ ასე თუ გააგრძელა, ადრე თუ გვიან, შეიძლება მას მეორეხარისხოვანი როლიც მიენიჭოს. ტრამპის რიტორიკა და საქმეები სხვადასხვაა. სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა, ამბობდა, რომ 24 საათში გამოიყვანდა ჯარს ავღანეთიდან. 4 წელი ისე იპრეზიდენტა, ავღანეთიდან ჯარი არ გამოუყვანია, ვინაიდან ეს ნიშნავდა მარცხის აღიარებას, ტრამპს კი არ უნდოდა ისტორიაში დამარცხებული პრეზიდენტის სახელით შესვლა. უკრაინის მნიშვნელობა ავღანეთთან შედარებით გაცილებით დიდია. სად ევროპის უსაფრთხოება, ევროპაში პოზიციების დაკარგვა და სად ავღანეთი. ამჟამად დგას ევროპის უსაფრთხოების საკითხი, ევროატლანტიკური ალიანსის სიძლიერე და ამერიკის, როგორც მსოფლიო ლიდერის როლი. ევროატლანტიკურ ალიანსზეა დამოკიდებული ამერიკის მსოფლიო ჰეგემონია და თუ ტრამპი დაიწყებს გარე თამაშებს, ევროპაში ამ როლს დაკარგავს, ვის რაღა ჯანდაბად უნდა?”

აშკარაა, რუსეთი ემზადება ნატო-რუსეთის ომისთვის, ეს უკვე რეალური საფრთხეა. რაც მთავარია, ახლა ევროპელ ლიდერებს უდგათ გამოწვევა – შეუძლიათ თუ არა აშშ-ის გარეშე დაიცვან ევროპის მოსახლეობა, ევროპის უსაფრთხოება. ასეთი შიში გააჩინა ტრამპმა და ახლა ტესტი იქნება, შეძლებს თუ არა დასავლეთი ჯერ უკრაინის დაცვას. ვინ დაიჯერებდა, რომ გერმანია დაგვიწყებდა ხვეწნას, ოღონდ რაღაც გააკეთეთ, ევროკავშირში რომ მიგიღოთო. დღეს დასავლეთის მიდგომა აღარ არის აღშფოთება-შეშფოთებები. ძალიან საყურადღებოა ჩეხეთის პრეზიდენტის ინიციატივა – მან, როგორც სამხედრო კაცმა, დაინახა სამხედრო აუცილებლობა და ცდილობენ უკრაინის დახმარებას. რაც შეეხება უკრაინის ახალ კონტრშეტევას, ეს სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გადატანაა… ტერმინს ”კონტრშეტევა” თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი. რანაირად უნდა შეუტიო, როდესაც მოწინააღმდეგე 5-ჯერ აღემატება ცოცხალი ძალით, 5-ჯერ არტილერიით, ავიაციით, რაკეტებით და სხვა. რეალისტები უნდა ვიყოთ, რა კონტრშეტევა? ზოგიერთ მიმართულებაზე შეტევა იქნება, მაგრამ მთავარი საკითხები ფრონტის ხაზების უკან წყდება და, ალბათ, ბრძოლა უფრო არაკონვენციურ ხასიათს მიიღებს. უკრაინა გაიმარჯვებს, თუმცა ომი 3-4 წელიწადს ან უფრო მეტხანსაც გასტანს”, – აცხადებს ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები