ლაშა ძებისაშვილი: რეალობა მარტივია – რუსეთში არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც ბატონს სურს

“რეალობა მარტივია – რუსეთში არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც ბატონს სურს. შედეგიც ისეთი იქნება, როგორც “ბატონმა ბრძანა”. არჩევნების სცენარიც წინასწარ იყო გაწერილი და ის ციფრებიც, რომელთაც საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს. სხვა რამ არის მნიშვნელოვანი – პუტინს არჩევნები ფორმალური ლეგიტიმაციისთვის სჭირდება”,- ამის შესახებ ექსპერტი, ლაშა ძებისაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, პუტინს ჯერ კიდევ დიდი ადამიანური რესურსი აქვს და არჩევნების დასრულების შემდეგ უფრო გაზრდის.

”ის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე გამოაცხადებს მასობრივ მობილიზაციას და დაიწყებს ახალ-ახალი დანაყოფების ჩამოყალიბებას, რათა ზაფხულისთვის დიდი შეტევა წამოიწყოს. ის, რაც ახლა უკრაინის ფრონტზე ხდება, პუტინის სტრატეგიულ გათვლებში ჯდება, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი სტრატეგიული მარაგების გახსნა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება. საუბარია არა მარტო საარტილერიო ჭურვებზე, არამედ სარაკეტო შეიარაღებასა და საზოგადოდ, მთელ რიგ ნომენკლატურაზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. გარდა ამისა, არ არის დამტკიცებული აუცილებელი ფინანსური რეზერვი.

ვგულისხმობ იმ 62-მილიარდიან პაკეტს, საიდანაც 42 მილიარდი უკრაინისთვის არის განკუთვნილი. ჩვენ ვიცით, ტრამპისტების წყალობით ეს პაკეტი პარალიზებულია და კიდევ ვერ დამტკიცდება კვირების ან თუნდაც თვეების განმავლობაში. გამაოგნებელია ტრამპის საქციელი. ჩნდება განცდა, რომ გარიგება დაიდო მასა და პუტინს შორის და ახლა ყველა შესაძლებლობას იყენებს სათავისოდ. ჯერჯერობით ყველაფერი პუტინის სასარგებლოდ ვითარდება, ახლო პერსპექტივაში ცვლილებების შესაძლებლობაც არ ჩანს და ეს ყველაფერი კარგად ესმის თავად პუტინს. ხედავს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა მასობრივად ვერ შეიარაღდება და მიუხედავად იმისა, ადამიანური რესურსის დიდი დანაკარგი აქვს, ფრონტის ხაზზე პატარ-პატარა მიღწევებით მაინც კმაყოფილია. პუტინს ჯერ კიდევ დიდი ადამიანური რესურსი აქვს და არჩევნების დასრულების შემდეგ უფრო გაზრდის. შესაბამისად, დამაჯერებლად გრძნობს თავს. სწორედ თავდაჯერებულობის შედეგია მისი განცხადებები მოლაპარაკების მზაობის თაობაზე. ის მხოლოდ იმ პირობებით დათანხმდება მოლაპარაკებებს, თუ რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუმტკიცებენ. თუმცა ამასაც არ დასჯერდება. პუტინისთვის ესეც მორიგი შესვენება იქნება, რომ ძალა მოიკრიბოს და ახალი ენერგიით შეუტიოს უკრაინას და არა მარტო მას. ევროპელები ახალი რეალობის წინაშე დადგნენ. მათ ცხადად დაინახეს, რომ შესაძლოა ამერიკა ტრამპის წყალობით სრულიად გაეთიშოს პროცესებს, რაც ნიშნავს, რომ ევროპა რუსული საფრთხის წინაშე მარტო დარჩება, რაც ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ორმაგად გაძლიერდება. მისმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში სიუ გორდონმა თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ ტრამპს ორჯერ – 2018 და 2020 წლებში ჰქონდა ნატოს დატოვების სურვილი. ყველამ იცის, რომ თუ ამერიკა ალიანსს დატოვებს, ევროპული სახელმწიფოები ნატოს ჯარების, რაც არცთუ ისე შთამბეჭდავია, იმედად დარჩებიან. მაშინ, როცა ნატოს სამხედრო და ფინანსური რესურსის 70%-ს აშშ წარმოადგენს, ადვილი წარმოსადგენია, რას შეიძლება ფიქრობდნენ ევროპელი ლიდერები. ისინი ხედავენ, რომ ნოემბრიდან, როდესაც დიდი ალბათობით, პრეზიდენტი ისევ ტრამპი გახდება, რა შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, ცდილობენ ამ დროის მონაკვეთში სწრაფად იმოქმედონ უსაფრთხოების გასაძლიერებლად და გასაერთიანებლად.

იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისი, მეორე დიდი ევროპული ქვეყანა, ძლიერი სამხედრო ინდუსტრიითა და შეიარაღებული ძალებით, უკვე გასულია ევროკავშირიდან, გერმანიის პოლიტიკა კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პაციფისტური უფრო იყო, ვიდრე მილიტარისტული და მისგან ვერ მოითხოვ სამხედრო და უსაფრთხოების დარგში ინიციატივას, საფრანგეთს უწევს ლიდერობის გამოჩენა ევროპის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებაში. მაკრონს ესმის, რომ მას მოუწევს ევროპის გადარჩენაზე ზრუნვა, ეს კი უკრაინიდან უნდა დაიწყონ, რადგან რუსეთი უკრაინაში გამარჯვებით სულ სხვა პოტენციალს შექმნის ევროპის ექსპანსიისთვის, ამის ხილვა კი ევროპელებს ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ სურთ. პუტინს შესანიშნავად ესმის, რომ დღევანდელ ევროპაში პოლიტიკოსებს შორის ტალეირანები არ არიან და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა არ შეუძლიათ. ისიც იცის, რომ რუსეთიდან წამოსული ნებისმიერი მუქარა, განსაკუთრებით კი ბირთვული, ევროპელი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს აშფოთებს და კარგად მანიპულირებს ამ თემით.

ლოგიკა ძალიან მარტივია, ევროპელი პოლიტიკოსების პირდაპირპროპორციულია რუსეთის მუქარა, ანუ რაც უფრო მეტად ეშინიათ ევროპელებს, მით მეტად იმუქრებიან რუსები! რატომაც არა?! მუქარებით სასურველი შედეგის მიღება ყველაზე იოლი და იაფი ხერხია, მაგრამ თუ რუსეთი დაუპირისპირდება ადეკვატურ პოზიციას და მოუწევს იმის გაგება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში შესაბამის პასუხს მიიღებს, სხვა გზების მოძებნას დაიწყებს. თუ ევროპელი ლიდერები ერთიანები იქნებიან და რუსეთის, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურად დამარცხების აუცილებლობას დაინახავენ, რუსეთ-უკრაინის ომის სურათი მაშინვე შეიცვლება. კარგი ნიშანია, რომ მაკრონი გააქტიურდა და ევროპელი ლიდერების ერთი მიზნის გარშემო შეკვრა დაისახა მიზნად, მაგრამ მას ჯერ ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი. ამასობაში უკრაინა სისხლისგან იცლება – სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, ვერაფერს შევცვლით, ამ ორი წლის განმავლობაში ასი ათასზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. ეს არის უკრაინელების მიერ გადახდილი საფასური დამოუკიდებლობისათვის.

ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას, მცირეა თუ დიდი, ორი შემადგენელი აქვს – ერთი სამხედრო, მეორე კი პოლიტიკური. ვფიქრობ, რუსული ლეგიონის მიზანი არჩევნების ჩაშლა კი არა, პუტინისთვის გაგზავნილი სიგნალი იყო, რომ რუსეთის სიღრმეში შეჭრა და ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება შესაძლებელია. სხვა საკითხია, რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება. ზოგადად, რუსული ლეგიონი “თავისუფლება რუსეთს” და ციმბირული ბატალიონის მებრძოლები ღრმა კოორდინაციაში არიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და პოლიტიკურ გზავნილთან ერთად სამხედრო მიზანიც აქვთ – უკრაინის ფრონტიდან რუსული არმიის ნაწილის მოხსნა და სხვა მიმართულებით გადასროლა, რათა შემსუბუქდეს უკრაინულ ძალებზე ზეწოლა. ჩემი აზრით, ეს პროგრამა-მინიმუმია. ზუსტი ინფორმაცია არა გვაქვს, რა მასშტაბის არის ეს ქმედებები და საბოლოო მიზანზე საუბარი რთულია. ჩემი გადმოსახედიდან, მიდგომა გამართლებულია იმისათვის, რომ რუსეთს გაუჭირდეს ომის წარმოება, ფრონტის ხაზი უნდა გადავიდეს რუსეთის ტერიტორიაზე”,- განაცხადა ძებისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები