„გოგონას მოჩვენება“ კრასნოიარსკიდან – 100 წლის წინანდელი ფოტოების საიდუმლო
2015 წელს კრასნოიარსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის დროს გადაღებული კრასნოიარსკის ღირსშესანიშნაობების ფოტოების შესახებ მოთხოვნა მიიღო. დათვალიერებისას მუზეუმის მუშაკები უცნაური ფაქტის მომსწრენი გახდნენ: ბევრ ფოტოზე მათ ერთი და იგივე გოგონა შენიშნეს, რომელიც ყველგან პირქუში სახით იყურება. ინტერნეტში ბავშვს კრასნოიარსკის „მოჩვენება გოგონა” უწოდეს.
სულ აღმოჩენილია ოთხი მინის ნეგატივი და 20 ფოტო. უცნობია, ვინ იყო ფოტოების ავტორი. ასევე, უცნობია გოგონას ვინაობა. ყველა ფოტოზე ის 8-10 წლისაა, მუდამ ქუდი ახურავს და ქოლგა უჭირავს. ექსპერტებმა შენიშნეს, რომ ზოგჯერ მისი ჩექმები და წინდები განსხვავებულია.
ამ პირქუში გამომეტყველების გოგონას, თითქოს, სხვები ვერ ამჩნევენ. ის კრასნოიარსკის ცნობილი შენობების ფონზე ჩნდება: პუშკინის თეატრი, აღდგომის ტაძარი, ხიდი, მასწავლებელთა სემინარია… მაგრამ ის არ არის გადაღების ცენტრალური ობიექტი. ძირითადად, კარგად უნდა დააკვირდე, რათა შეამჩნიო.
სურათის ისტორიულ მონაცემებთან შედარების შედეგად, ადგილობრივმა ისტორიკოსებმა დაადგინეს, რომ ფოტოები გადაღებულია 1906 წლიდან 1908 წლამდე, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, გოგონა არ შეცვლილა. ის ყოველთვის ერთნაირად გამოიყურება.
ვერ მოხერხდა იმის გარკვევა, თუ ვინ იყო ფოტოების ავტორი. რიგ ფოტოებს აქვს ბეჭედი „N. ი.გრიგოროვსკი“. გრიგოროვსკები კრასნოიარსკში ცნობილი გამომცემლები იყვნენ და მაღაზიას ფლობდნენ. მინის ნეგატივები შეიცავს ფოტოგრაფ ლუდვიგ ვონაგოს ინვენტარის ნომრებს, რომელმაც ისინი 1934 წელს ადგილობრივ ისტორიულ მუზეუმს გადასცა.
ზოგიერთ სურათს თან ახლავს ანაგრამა „F. E. A.” მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ავტორის სახელის პირველი ასოების ინიციალებია. მაშინაც კი, თუ გოგონა ფოტოგრაფის ქალიშვილი ან ნათესავია, რატომ არის ამდენი სურათი, სადაც ის, უბრალოდ, „გვერდით დგას“ და რატომ არ არის ფოტოგადაღების მთავარი ობიექტი?
ვარაუდობენ, რომ ფოტოები სხვადასხვა ავტორის მიერაა გადაღებული და იმის გამო, რომ ბევრ ფოტოში უკმაყოფილო ახალგაზრდა ქალბატონი ძნელი შესამჩნევია, ის მხოლოდ ასი წლის შემდეგ აღმოაჩინეს.
თავიდან გაჩნდა ვერსია ფოტოების სიყალბის შესახებაც, თითქოს, ამის მიზანი კრასნოიარსკის ყურადღების ცენტრში მოხვედრა იყო, თუმცა თეორია უარყვეს, რადგან ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ყველა სურათი ნამდვილია და რედაქტირების ან სხვა მანიპულაციის ნიშნები არ აღინიშნება.
მისტიკის მოყვარულები დარწმუნებულნი არიან, რომ გოგონა მოჩვენებაა. ნათელმხილველები და ექსტრასენსები მას ბავშვის სულად მიიჩნევენ, რომელიც დახრჩობის ან ჩამოხრჩობის შედეგად გარდაიცვალა.
სხვა ვერსიით, ფოტოების ავტორი ჯაშუში იყო. მას სჭირდებოდა ქალაქის მნიშვნელოვანი ობიექტების გადაღება, რომელთაგან ბევრი, მაგალითად, ხიდი ან რკინიგზის სადგურის შენობა, სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შესაბამისად, გოგონა ფოტოებში მხოლოდ კრასნოიარსკის მაცხოვრებლების და ხელისუფლების ყურადღების გადასატანად მოახვედრეს. ამიტომაც არის ის ფოტოზე „დამატებითი ობიექტი“ და არა – მთავარი. თუმცა, ამ ვერსიას ის მინუსი აქვს, რომ ყველა ეს შენობა ერთდროულად არ აშენებულა და გოგონას გარეგნობაც დროთა განმავლობაში არ შეცვლილა. რასთან გვაქვს საქმე?
ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.