ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია და საჯარო დისკუსია ერთმანეთისგან აბსოლუტურად დაშორიშორებული ცნებებია, გულწრფელად ეშინიათ საჯარო დისკუსიის, რასაც ერთადერთი მიზეზი აქვს, მათ იციან, სად არის სიმართლე
დისკუსიას გაურბიან, ამას შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, მათ იციან, სად არის სიმართლე და ამიტომ ეშინიათ ასეთი დისკუსიის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სუბიექტსა და ადამიანს დისკუსია არაერთხელ შესთავაზა და ეს შეთავაზება ძალაში რჩება.
„ახალგაზრდებზე გავაკეთე აქცენტი. შემდეგ გამოვიდა მაგალითად შოთა არველაძე, მან გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ხელისუფლება არ ესაუბრებოდა საზოგადოებას. მას მივმართე, წამოეყვანა 10-12 კაცი, ვის კომპეტენციაშიც ან გულწრფელობაშიც იყო დარწმუნებული და აქაც ნახეთ გარიდება საჯარო დისკუსიისგან. ისევე ეშინიათ მათ დისკუსიის, როგორც ფილმებში ეშმაკს რომ ჯვარს აჩვენებენ და ისტერიკას უპირისპირებს, ასეთი რაღაც ემართებათ. რადიკალური ოპოზიცია და საჯარო დისკუსია ერთმანეთისგან აბსოლუტურად დაშორიშორებული ცნებებია. გულწრფელად ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს. მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ვინც არის რადიკალური ოპოზიციის თუნდაც რიგითი მხარდამჭერი, თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის ის, რომ არ არის მართალი და რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. სხვა მიზეზი და ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს გაქცევას შეთავაზებიდან საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ საჯარო დისკუსიას, ისინი გაურბიან. 2012 წლამდე იყო პირიქით, ხალხი ითხოვდა დალაპარაკებას ხელისუფლებისგან და ხელისუფლება იყო ჩაკეტილი. ჩვენ ვითხოვთ, ახლაც ვიმეორებ იგივე შეთავაზებას. 10-12 კაცი შეიკრიბოს, ვისაც აქვს პრეტენზია გულწრფელობაზე და ვისაც აქვს ინტერესი, რომ მიიღოს კითხვებზე პასუხი, მოვიდნენ, პირდაპირი ეთერის ფორმატში და გავმართოთ დისკუსია. დარწმუნებული ვარ, იგივე გაგრძელდება, რაც აქამდე იყო. გაურბიან დისკუსიას. ამას შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, მათ იციან, სად არის სიმართლე და ამიტომ ეშინიათ ასეთი დისკუსიის“, – განაცხადა პრემიერმა.