მამუკა არეშიძე: ნებისმიერ შემთხვევაში, ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლია, იმის მიუხედავად, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თუ მოკლეს
“ნებისმიერ შემთხვევაში, ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლია, იმის მიუხედავად, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თუ მოკლეს. ვფიქრობ, ამის გარკვევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება, რადგან კრემლის რეჟიმი რასაც უნდა, იმას იტყვის, და ექსპერტიზის ისეთ დასკვნას დადებს”, – ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, პუტინისთვის ცოცხალი ნავალნი საფრთხე და გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო, მით უფრო უკრაინასთან ომით შექმნილ ძალიან არასახარბიელო ვითარებაში, თანაც მომავალი არჩევნების გათვალისწინებით.
”ერთი შეხედვით, პუტინს თითქოს არც აწყობდა ციხეში ნავალნის ლიკვიდაცია, რამაც დიდი აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ, ასევე რუსეთის ისედაც მიწასთან გასწორებული საერთაშორისო იმიჯი კიდევ უფრო მეტად გააჩანაგა, გააჩინა კიდევ მეტი არგუმენტი რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც ამბობენ “ჭკუით რუსეთს ვერავინ გაუგებს”. არავინ იცის, როდის რას მოიმოქმედებენ.
არ არის გამორიცხული, პუტინისთვის ცოცხალი ნავალნი საფრთხე და გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო, მით უფრო უკრაინასთან ომით შექმნილ ძალიან არასახარბიელო ვითარებაში, თანაც მომავალი არჩევნების გათვალისწინებით. ნავალნი იყო ძლიერი პოლიტიკური ფიგურა და მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთშიც და მის გარეთაც. ამას წინათ პუტინი სერიოზული სახით ლაპარაკობდა და კიცხავდა დასავლეთს ასანჟის ციხეში გამოკეტვის გამო, ისე, თითქოს თვითონ უარესის გამკეთებელი არ იყოს და პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავდეს, თან ამ ყველაფერს ისე უტიფრად ამბობდა. ასეა თუ ისე, პუტინისთვის ნავალნი ნამდვილად გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო… მოსკოვი დასავლეთის პროვოცირებას სხვადასხვა გზით მუდმივად ცდილობს. რომ გადახედოთ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას, ნახავთ, რა ინტრიგებს ხლართავს კრემლი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაშია, საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე მაინც ცდილობენ იაქტიურონ სამხედრო ჩარევით თუ პოლიტიკურად მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ასე რომ, პუტინის რეჟიმისგან არც გასაკვირია რამე და არც მოულოდნელი.
იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა, ნავალნის რუსეთში დაბრუნება შეიძლება ვინმემ შეცდომად მიიჩნიოს, მაგრამ საქმე ის არის, ნავალნის დასავლეთში დარჩენა, რუსეთში მისი პოლიტიკური რეიტინგიდან აღარაფერს დატოვებდა. ის ვეღარ იქნებოდა ისეთი დონის პოლიტიკური მოთამაშე, როგორიც სურდა ყოფილიყო. ნავალნი იყო ამბიციური და ემოციური ადამიანი. მაგალითად, მისგან 2008 წლის ომის შეფასება უფრო ემოციური იყო, ვიდრე პოლიტიკიდან გამომდინარე და პრაგმატული. მას სურდა ყოფილიყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში… ეს იქნებოდა ციხეში თუ მის გარეთ, მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა სურდა. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა განაპირობა მისი სამშობლოში დაბრუნება. დაახლოებით იგივე ნაბიჯი გადადგა სააკაშვილმაც, თუმცა ნავალნისგან განსხვავებით, მასზე ამბობენ, რომ თითქოს მოატყუეს. ნავალნი არავის მოუტყუებია, მან ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა, რადგან სურდა რუსეთში პოლიტიკური პროცესების ცენტრში ყოფილიყო, ეს კი დასავლეთიდან არ გამოვიდოდა. მისი რუსეთში ჩასვლა რუსეთის ხელისუფლებისთვის მძიმე მორალური დარტყმა იყო, ერთგვარი გამოწვევა, ჩვენება, რომ არ ეშინოდა რეჟიმის… ეს ანტისახელისუფლებო წრეებში ძალიან დადებითად შეფასდა, მის გარშემო დაიწყო საპროტესტოდ განწყობილი ადამიანების კონსოლიდაცია. სხვაა, რომ მათ ვერ შეძლეს უფრო სერიოზულად მოქმედება. ნავალნი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებში და ჩემი აზრით, მომხდარი ამ ახალგაზრდულ ენერგიას უფრო რადიკალურს გახდის, თუმცა ამ პროცესების მეთაური ჯერ არ ჩანს. ნავალნი მეტად საინტერესო და წინააღმდეგობრივი ფიგურა გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ ის აღიქმებოდა დასავლური, ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობების ფლაგმანად, ასევე იყო ნაციონალისტი. ეს უცნაური მოვლენა იყო. მათშიც კი, ვინც მემარჯვენე პოზიციაზე დგანან რუსეთში, ე.წ. ტრადიციონალისტებშიც კი იწვევდა პატივისცემას, მიუხედავად იმისა, რომ მათი მტერი იყო.
უკრაინაში ომის ერთ მიმართულებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება – ეს არის რუსეთის ცდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები უკრაინული ძალებისგან გაწმინდოს საბჭოთა კავშირის რუკის მიხედვით არსებული საზღვრების ფარგლებში და სრულად დაამყაროს კონტროლი უკრაინის ამ ორ რეგიონზე. ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ კრემლის დიდი მიზნები უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის თაობაზე წარსულს ჩაჰბარდა. ავდეევკის საკითხიც სწორედ ამ თემაშია განსახილველი. ეს პატარა ქალაქი შედის დონეცკის ოლქში, ამიტომ ცდილობდნენ მის აღებას რუსები თავგამოდებით, ამდენი ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეწირეს ამას. რაც შეეხება უკრაინელებს, არც მათი დანაკარგია ცოტა. მიმაჩნია, რომ შეიძლებოდა ამ ქალაქის პოზიციურად უფრო ადრეც დათმობა. ამის ნაცვლად ავდეევკაში ელიტური ნაწილი შეიყვანეს, რასაც, ჩემი აზრით, შეეწირა ზალუჟნი, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არ იყო სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომა, უფრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნის შედეგი მგონია. მანევრული ომის შემთხვევაში, ჩემი აზრით, უკრაინელებს შეეძლოთ უკეთესი მდგომარეობით გამოსულიყვნენ ამ კონკრეტული დაპირისპირებიდან.
ამ ომში ყველაფერი ჯერ წინაა და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, როგორ მოიქცევა დასავლეთი. დღეს გერმანელები შოლცის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობა შეინარჩუნონ. ამერიკის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა კი ლამის პოლიტიკურ კონიუნქტურას გადააყოლოს უკრაინის დახმარება. ახლა კიდევ დასვენება გამოაცხადა კონგრესმა, რაც უკრაინის დახმარების საკითხის გადაწყვეტას უფრო გააჭიანურებს. რესურსების პრობლემა აქვთ უკრაინასაც და რუსეთსაც, და თუ დროულად არ გადაწყდა უკრაინის მასშტაბურად დახმარების საკითხი, მაშინ პროცესები დასავლეთისთვის ძალიან ცუდად შეიძლება წარიმართოს. კი, რუსეთში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. შეიძლება ეს ჯერ კიდევ არ იგრძნობა ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც მოსკოვი და პეტერბურგია. თანაც კრემლი პროპაგანდით ყველაფერს აკეთებს ფასადის შესანარჩუნებლად, მაგრამ დანარჩენ რუსეთში როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და მორალურად უმძიმესი ვითარებაა. რაც შეეხება ბიჭვინთის აგარაკებზე მიღებულ გადაწყვეტილებას, დღეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ცაიტნოტში არიან. რუსეთს ჰყავს აფხაზეთში წარმომადგენელი, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, რომელიც ვეღარ “ქაჩავს”… თავიდან აფხაზი საზოგადოების ერთი ნაწილი თბილად შეხვდა მის ჩამოსვლას, როგორც ცნობილი გვარის წარმომადგენელსა და განათლებულ ახალგაზრდას, მაგრამ დღეს მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია. ასე რომ, რუსული პოლიტიკა ვერ მუშაობს ისე, როგორც კრემლს სურს. მათ სურთ კოლონიასთან ჰქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ ასე არ გამოდის. კოლონია არის ე.წ. სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთში კი სხვა ვითარებაა… ვფიქრობ, მათ ნოტას აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური სანქციები და ტრანშების დამუხრუჭება. აფხაზეთში ენერგეტიკის პრობლემები ისევ მწვავედ დგას. ტყუილად კი არ იყო ამას წინათ ერთ-ერთი აფხაზი მაღალჩინოსანი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული და ცდილობდა ეს პრობლემები ჩვენი დახმარებით მოეგვარებინა. რუსებს აფხაზების პოზაში დგომა მოჰბეზრდათ, ხომ ხედავთ, ძებნაც კი გამოაცხადეს ახრა ავიძბაზე, რომელიც რუსეთის გმირია. ავიძბა სრულად პრორუსია, მაგრამ ის, რასაც აკეთებს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე, რუსებს ყელში ამოუვიდათ – ბანდიტიზმსა და ფულის შოვნაზეა გადასული. ისინი ფიქრობენ, ეს ურჩი აფხაზები უნდა დავსაჯოთ, ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური პროექტები კი განვახორციელოთო. იმის თქმა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, არ შეიძლება, მაგრამ საკითხავია, რამდენად შედეგიანად. უკვე რამდენი ხანია ვამბობ, რომ საქართველომ რბილი ძალის აქტიურად გამოყენება უნდა დაიწყოს. ეს იქნება სოციალური ქსელები, საინფორმაციო სივრცე, სხვადასხვა ტიპის ყოფილი თუ ახალი კავშირები, მათ შორის ეკონომიკური თუ ადამიანური, თან ეს ყველაფერი უნდა მუშაობდეს სისტემურად. ძალიან კარგად მუშაობს ჯანდაცვის სისტემის პროექტები, მაგრამ საკმარისი არ არის. საჭიროა უფრო მეტი მიმართულებით აქტიურობა”, – განაცხადა არეშიძემ.