ვაკის პარკის საქმე – გულგრილობის ბრალდებით გასამართლებული გიორგი ვახტანგაშვილი სასჯელს სახლში მოიხდის
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, მსჯავრდადებულ გიგა გიგაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებითაა გასამართლებული, სასჯელს სახლში მოიხდის.
ვახტანგაშვილს 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინა პატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა.
შესაბამისი გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.
მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გიორგი ვახტანგაშვილთან ერთად ბრალდებული იყო კიდევ 8 პირი, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, 8 პირის მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.
ვახტანგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.