გივი მიქანაძე როთზე: ახლანდელი ვიზიტი სხვა არაფერია, თუ არა გამომშვიდობება ოპოზიციასთან

„მიხაილ როთის გზავნილებს ჩვენ სერიოზულად არასდროს არ აღვიქვამდით იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც, პირველ რიგში, შეურაცხყოფას აყენებს ჩვენ სახელმწიფოს და საზოგადოებას“, – ამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, მიხაილ როთი უხეშად ერეოდა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პროცესში.

„თქვენ გახსოვთ მისი არაერთი ვიზიტი. გახსოვთ მისი გამოცხადება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციაზე და მოწოდებები. თქვენ გახსოვთ ძალიან კარგად მის მიერ გერმანიაში შექმნილი ოფისი კონსულტანტ-იურისტების მონაწილეობით, რომელიც გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული კონსულტაციების გაწევას გულისხმობდა წინასაარჩევნო პერიოდში. არჩევნების შემდეგ ამ ადამიანის მოქმედება, რომელიც მთლიანად მიმართულია რადიკალიზაციაზე, მთლიანად მიმართულია იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს ქაოსური პროცესი. პროცესი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ გაცხადებულ თავისუფალ ნებას 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე და რომლის მიზანიც არის, რომ ყველანაირად ხელი შეუშალოს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შემდეგ გაძლიერებას, განვითარებას და უსაფრთხო გარემოში მის ინტეგრირებას ევროპულ ოჯახში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძის თქმით, ეს არის პირდაპირი კითხვა, თუმცა, როდესაც საკითხი ეხება კონკრეტული პირების ჩამოსვლას, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეული ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, თუნდაც ცალმხრივად, მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნოს.

„განსაკუთრებით, დასავლეთის ქვეყნებთან, რომელთა ოჯახშიც ინტეგრაციისკენ საქართველო მაქსიმალურად ილტვის და დგამს შესაბამის ნაბიჯებს. მით უმეტეს, ეს ადამიანი დღეს არის მოქმედი თავმჯდომარე ბუნდესტაგის იმ კომიტეტის, რომელიც საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობს, თუმცა, ვიცით, რომ დაახლოებით ერთ თვეში, თვე ნახევარში, გერმანიაში დაგეგმილია ვადამდელი არჩევნები. ყველას ძალიან კარგად ესმის, პირველ რიგში ბატონ როთს, რომ ის შეიძლება ბუნდესტაგში საერთოდ ვერც კი მოხვდეს, არათუ იგივე თანამდებობაზე გამწესდეს, რასაც ის ახლა იკავებს. ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული, რომ თითოეული ადამიანის უფლება, მათ შორის, გამოხატვის უფლება იყოს დაცული, თუმცა აქვე პირდაპირ ვამბობთ, არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ადამიანის ქმედებებმა ან განცხადებებმა რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის კონტექსტში ან რაიმე არეულობის მოწყობის მცდელობაში. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან პასუხები მის განცხადებებზე ყოველთვის იყო არგუმენტირებული და რეალურად, ვხედავთ, რომ ბატონი როთის არაერთი მცდელობის მიუხედავად ოპოზიცია გაემხნევებინა და მათთვის გარედან უფრო მეტი მხარდაჭერა მოეპოვებინა, ამან ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა და მისი ახლანდელი ვიზიტი სხვა არაფერია, თუ არა გამომშვიდობება ოპოზიციასთან. კიდევ ერთი მცდელობა, რომ კუდი მოიქნიოს, მისი მხრიდან კიდევ ერთხელ თავისი პიროვნების ლუსტრაცია ჩვენ ქვეყანასთან და საზოგადოებასთან მიმართებით’’, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები