რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი: დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება – ველოდებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ელოდებიან ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს ბრალდებული იყო შერაცხადი თუ შეურაცხადი.
“დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება. კერძოდ, გიორგი ორველაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა საკუთარი ბიძის, ნოდარ ორველაშვილის მკვლელობა. მათ შორის კონფლიქტი უკავშირდებოდა ბრალდებულის ცუდ სიმთვრალეს. ახალ წლამდე პერიოდში მას კონფლიქტი მოუხდა ბიძასთან, ნოდარ ორველაშვილთან, რომელთანაც გამყიდველად მუშაობდა ბაზარში, ბიძამისმა დაითხოვა ის სამსახურიდან, იყო შემთხვევები, როდესაც მან დახარჯა ე.წ. სავაჭრო თანხა, რომელიც გამიზნული იყო ბაზარში ვაჭრობისთვის.
უახლოეს მომავალში ველოდებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს ბრალდებული იყო შერაცხადი თუ შეურაცხადი, შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საკითხი მისი დასჯის, ან იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის თაობაზე. იქცევა ადეკვატურად. მონაწილეობას ნებაყოფლობით იღებდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში, მათ შორის აღიარებს დანაშაულს.
ძმასთან დაკავშირებითაც ვითხოვთ პატიმრობას. მან ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, ვინაიდან მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუდევრად სანადირო იარაღის შენახვას. ბრალდების მხარემ სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება მის მიმართაც პატიმრობის მოთხოვნის თაობაზე”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
ცნობისთვის, გუშინ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია და კლინიკაშია მოთავსებული. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა 20 თებერვალს, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო. ძმებს ბრალი უკვე წარდგენილი აქვთ.