“აღიარებს წარდგენილ ბრალდებას” – რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობისა და ერთის დაჭრის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი
“აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ბ” და “ლ” ქვეპუნქტებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს”,- ამის შესახებ რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობისა და ერთის დაჭრის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი ელდარ გვალია აცხადებს.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის მოტივზე არ საუბრობს.
“ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაწილში გიორგი არაფერს ამბობს. მისი გადმოცემით, ის ჯანმრთელია. რაც შეეხება მოტივს, ამაზეც არ საუბრობს, რომ მუშაობდა ამაზე საუბრობს, მაგრამ კონკრეტულად რა იყო მკვლელობის მიზეზი, ამაზე არაფერს არ ამბობს. ამბობს, რომ უმეთვალყურეოდ იყო იარაღი, აიღო და ჩაიდინა ის, რასაც ედავება დღეს გამოძიება”, – განაცხადა ადვოკატმა.
რუსთავში ე.წ სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი ორველაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. რუსთავის საქალაქო სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს 14:00 საათზე იმსჯელეს.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია და კლინიკაშია მოთავსებული. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა 20 თებერვალს, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო. ძმებს ბრალი უკვე წარდგენილი აქვთ.