თბილისში ლიფტით სარგებლობა საშიშია – 10 ათას ლიფტს ზედამხედველობას 5 თანამშრომელი უწევს

გუშინ, 15 სექტემბერს დიღმის მასივში, მე–6 კვარტლის 22ა კორპუსში ლიფტის ბაგირი ჩაწყდა, რის შედეგადაც 60 წლის ქალბატონი შახტაში ჩავარდა. ქალბატონი გადარჩა, თუმცა ის მრავლობითი მოტეხილობებით და დაჟეჟილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. უსაფრთხოა თუ არა დედაქალაქში ლიფტების მომსახურება და ვინ არის პასუხისმგებელი?
როგორც „კვირას“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, მერიაში არ არსებობს სამსახური, რომელიც დედაქალაქში ლიფტების გამართულად მუშაობას გააკონტროლებს. მათივე განმარტებით, საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობები ლიფტის დამონტაჟების ან შეცვლის მიზნით თავად იძიებენ კომპანიას, რომელთანაც აფორმებენ ხელშეკრულებას. შემდგომში გამართულად მუშაობაზე მათვე უნდა იზრუნონ, შეატყობინონ კომპანიას დაზიანების აღმოფხვრის ან სხვა მომსახურების მიღების მიზნით.
„არსებობს ამხანაგობების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს მერია. როდესაც ამხანაგობის წევრებს აქვთ სურვილი, რომ კორპუსში ამორტიზებული ლიფტი შეცვალონ, ან ახალი დაამონტაჟონ, თვითონვე იძიებენ კომპანიას, რომელსაც სამუშაოებს შეასრულებინებენ. ეს არის ორი კერძო სუბიექტის გარიგება და დასარეგულირებელი საკითხი. მერია ამაში არ ერევა. კომპანია ამხანაგობის თავმჯდომარესთან წარადგენს ანგარიშფაქტურას და შესასრულებელ სამუშაოს. შემდეგ ამხანაგობის თავმჯდომარე ამ ხარჯთაღრიცხვას წარადგენს გამგეობებში. ამის შემდეგ ხდება დაფინანსება. ამხანაგობებს აქვთ ხშირი კონტაქტი კონტრაქტორ კომპანიებთან და ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ მათი ლიფტების უსაფრთხოება იყოს შემოწმებული. თუ მოსახლეობას რაიმე არ მოსწონს, შეუძლია, ხელშეკრულება გაწყვიტოს. კომპანიებს მერია არ იძიებს და ამ კომპანიებს არ აკონტროლებს. მერია ახორცილებს ამხანაგობის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას და თანხის გამოყოფას. მერიას არ აქვს სამსახური, რომელიც ამ კომპანიების მუშაობას გააკონტროლებს“, – განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.
ვინ უნდა ახორციელებდეს ლიფტების მომსახურებისთვის არსებული ორგანიზაციების კონტროლს?
ამწე – სატრანსპორტო და წნევის ქვეშ მომუშავე ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელის ოთარ ელიაშვილიას განმარტებით, აღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
„კონტრაქტორი კომპანიების შემოწმება არ ხდება, რადგან ეს კომპანიები ბაზარზე თვითონ იმკვიდრებენ თავს თავიანთი კომპეტენციით. კომპანია, რომელიც ავტორიტეტს ვერ მოიხვეჭს, განდევნილი იქნება კომპეტენტური და კვალიფიციური ორგანოების მიერ. ამ კომპანიების შემოწმებას ვინ უნდა ახორციელებდეს, ეს არ არის განსაზღვრული. ჩვენი კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს. უსაფრთხოებაზე ზრუნვა ლიფტის მფლობელს ევალება. მან უნდა უზრუნველყოს სათანადო მომსახურეობა, პერიოდული ინსპექტირება, მოვლა-პატრონობა და ა.შ. სამწუხაროდ, მოსახლეობის კორპუსების ამხანაგობები თავს არიდებენ კომპეტენტურ ორგანიზაციებთან ხელშეკრულების გაფორმებას და უკავშირდებიან გაურკვეველი კვალიფიკაციის კერძო ხელოსნებს იმ მიზნით, რომ ნაკლები გადაიხადონ. ვინც ახლა ბაზარზე არსებობს, ვერ ვიტყვი, რომ არიან არაკომპეტენტურები. არიან არაკომპეტენტური ერთეული ხელოსნები, რომლებიც ძალიან იაფად ემსახურებიან, თან თავის თავზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. მას ურიგდება ამხანაგობის თავმჯდომარე, რომ მე შენ გადაგიხდი თვეში 20 ლარს, ან 10 ლარს და თუ გაფუჭდა დაგიძახებ, თუ არ გაფუჭდა – არა. ეს არ არის საკმარისი.
ამხანაგობის თავმჯდომარეობა, – ეს ინსტიტუტი სერიოზულ სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას თხოულობს. მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურება და შესაბამისი იურიდიული პასუხისმგებლობა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს მის კორპუსში განთავსებული ლიფტების უსაფრთხოებისთვის ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს სათანადო ქმედება, დაუდოს ხელშეკრულება და გადაუხადოს კომპეტენტურ ორგანიზაციას საფასური, რომელიც უზრუნველყოფს მისი ლიფტის პერიოდულ დათვალიერებას, შეპოხვას, შეზეთვას, და თუ გაუმართაობას ექნება ადგილი – დროულ რეგირებას. სასურველია, რომ მერიამ უფრო ღირსეულად წარმოაჩინოს ამხანაგობების თავმჯდომარეების როლი და უფრო ხელშესახებად დაეხმაროს. თუ ამხანაგობის თავმჯდომარეს ექნება საშუალება, რომ კომპეტენტურ ორგანიზაციასთან დადოს ხელშეკრულება, ლიფტების პრობლემები არ იქნება. თუ მოსახლეობამ არ დაუდო ხელშეკრულება კომპეტენტურ პირს და ფულის ეკონომიის ან უსახსრობის გამო ვიღაცა არაკვალიფიციური მოიყვანა, სადარბაზო ყოველთვის მარცხის მოლოდინის რეჟიმში იქნება“, – ამბობს ელიაშვილი.

10711225_940971672597516_1707876506_n

მისივე განმარტებით, თუ ზედამხედველობის სამმართველოს შემოწმების შედეგად ლიფტის მომსახურებაში აღმოჩნდება კრიტიკული შეუსაბამობა და გამოიკვეთება კომპანია, რომელთანაც ამხანაგობის თავმჯდომარეს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, კომპანია ჯარიმდება. ჯარიმის ოდენობა კი დამოკიდებულია გამოვლენილ დარღვევაზე. ერთ კრიტიკურ შეუსაბამობაზე, შესაძლოა, ჯარიმამ ათას ლარამდე მიაღწიოს. მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სამმართველოს მიმართოს რისკის თაობაზე, მაგრამ ლიფტის გამართულობაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არის ის, ვინც ითვლება ლიფტის მფლობელად. „თუ მოხდა უბედური შემთხვევა და ხელშეკრულება არ არის გაფორმებული კომპანიასთან, მაშინ პასუხისმგებელია მფლობელი იმის გამო, რომ მან არ გააფორმა ხელშეკრულება. მფლობელი არის მოსახლეობა, ამხანაგობის თავმჯდომარე“, – ამბობს ელიაშვილი. მისივე თქმით, თუ არ იკვეთება კომპანია, გაურკვეველია პასუხისმგებელი პირი, რაც სუსტი მექანიზმის არსებობაზე მიუთითებს.
„კვირა“დაუკავშირდა ლიფტების მომსახურე კომპანიებსაც, რომლებთანაც ამხანაგობები ხელშეკრულებას დებენ. შპს „თბილლიფტში“ განაცხადეს, რომ მათ ლიფტების აღდგენა, დაზიანებების მოწესრიგება ევალებათ, მაგრამ მათივე თქმით, მოქალაქეების მომართვის გარეშე ამას არ ახორციელებენ. კიდევ ერთ კომპანიაში, „ჯორჯიალიფტსერვისში“ განაცხადეს, რომ ლიფტებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციები ამოწმებენ და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მათივე განცხადებით, ისინი თავადაც ახორციელებენ შემოწმებას. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ლიფტებს, რომლებსაც ისინი ემსახურებიან, რეგურალურად ამოწმებენ და პასუხისმგებლები არიან ყველაფერზე. აღსანიშნავია, რომ თბილისში 10 000-ზე მეტი ლიფტია, ხოლო სამსახურს, რომელსაც უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით მათი პერიოდული შემოწმება ევალება, 5 თანამშრომელი ჰყავს.
ამასთან, ამწე – სატრანსპორტო და წნევის ქვეშ მომუშავე ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს 5 თანამშრომელი ვალდებულია შეამოწმოს ახლად განთავსებული, გარემონტებული ლიფტები, ხოლო ავარიულ შეტყობინებებზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინოს. თუმცა ზედამხედველობის სამმართველოს თვეში 2 ან 3 მოქალაქე მიმართავს თხოვნით, რომ მათ საცხოვრებელ კორპუსში არსებული ლიფტი შეამოწმონ, რადგან მისი უსაფრთხოება საეჭვოა. შემოწმებების შედეგად 100 ლარით დაჯარიმდა მხოლოდ ერთი კომპანია, რადგან შახტაში განათება არ იყო. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ ამწე – სატრანსპორტო და წნევის ქვეშ მომუშავე ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ ელიაშვილმა მიაწოდა.
„თვეში 2 ან 3 მოქალაქე მოგვმართავს, რომ ლიფტი საფრთხის შემცველია. მომართვების რაოდენობა ცოტაა. სავარაუდოდ, მოსახლეობა საკმარისად ინფორმირებული არ არის. ასეთი ცოტა მომართვიდან ერთხელ იყო, რომ კომპანია დავაჯარიმეთ 100 ლარით, რადგან შახტაში არ იყო განათება. დანარჩენი კომპანიის უკან არავინ არ იყო. მომსახურე პერსონალი საერთოდ არ იდგა. მივსულიყავით და ეთქვათ, რომ ეს კაცი ემსახურება ჩვენს ლიფტს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა“, – ამბობს ელიაშვილი.
რაც შეეხება პერიოდულ ინსპექტირებას, ელიაშვილის განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, სამმართველომ შემოწმება 3 წელიწადში ერთხელ უნდა განახორციელოს.
„კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიფტების პერიოდული ინსპექტირება. არსებობს ამის გეგმა და შემოწმება ხორციელდება, მაგრამ თბილისში 10 000-ზე მეტი ლიფტია, ჩემს სამსახურში კი არის 5 თანამშრომელი, რომლებიც ექსპლუატაციაში მყოფი ლიფტების გარდა, ამოწმებენ ახლად განთავსებულ, გარემონტებულ ლიფტებს და კიდევ ავარიულ შეტყობინებებზე რეაგირებენ. 5 კაცი ვერ გაწვდება 10 000 ლიფტს. პერიოდული ინსპექტირება კანონით გათვალისწინებულია 3 წელიწადში ერთხელ. ჩვენი სამსახური უნდა ახორციელებდეს ზედამხედველობას, აფიქსირებს, კონკრეტულად შემოწმების მომენტში რა მდგომარეობაა. ინსპექტირების ორგანოს არ შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც ინსპექტირებებს შორის ხდება“, – განმარტავს ელიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები