კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბრალდებულები დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ. როგორც მათ სასამართლო პროცესზე განაცხადეს, აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანებით ცდილობდნენ ყურადღების გადატანას, რომ გამოსახლების პროცესი შეეჩერებინათ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.