აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ხელი ვაშინგტონში მოაწერეს.
ბლინკენის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში.
„ვაყალიბებთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. კომისია ჩარჩოს გვაძლევს, რათა გავაფართოოთ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკური საკითხების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, სასამართლოს, ინკლუზიურობის, ხალხთაშორის კონტაქტების რიგ საკვანძო საკითხებში“, – განაცხადა ბლინკენმა.
თავის მხრივ, არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას უფრო ამბიციურს ხდის.
„სომხეთი-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია მყარ საფუძველს გვაძლევს და ჩვენს თანამშრომლობას უფრო ამბიციურს ხდის. ის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციების გაუმჯობესებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამართლიანობისთვისა და კანონის უზენაესობისთვის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას, და ხალხთაშორისი კონტაქტების გაფართოებას“, – განაცხადა მირზოიანმა.
მისივე თქმით, აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობები, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ ინტერესებს, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.
„ამან მიაღწია იმ დონეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არა მხოლოდ შეესაბამება არსებულ რეალობას, არამედ აუცილებელია რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში მუშაობის კონტექსტში“, – აღნიშნა მირზოიანმა.