7 ნოემბრის საქმის მოწმე: რეზინის ტყვია არ იყო, რაც ფეხში მომხვდა, მარცხენა ფეხის ძვალი მთლიანად დამემსხვრა, რეზინის ტყვია ამას ვერ იზამდა
რეზინის ტყვია არ იყო, რაც ფეხში მომხვდა. ორივე ფეხზე დამწვრობა მივიღე, მარცხენა ფეხი მთლიანად დამემსხვრა, კანზე ეკიდა ფეხი,- ამის შესახებ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დაზარალებულმა განაცხადა.
მოწმე ნიკოლოზ დიდიშვილმა გაიხსენა, თუ როგორ მიიღო მძიმე დაზიანებები რიყეზე მიტინგის დარბევის დროს.
„ერთი ფეხი კანზე მეკიდა, მეორე დამწვარი მქონდა, გამვლელს ვთხოვე დახმარება. გამვლელ მანქანაში ჩამსვეს და ე.წ. არამეანცში მიმიყვანეს. საჯარისო დანაყოფები მითითებებს იღებდნენ, ემზადებოდნენ რაღაცებისთვის. პოლიციელების და რობოკოპების კორიდორი იყო, ჩაკეტილი იყო გზა, გასასვლელი, ხალხის დიდი ნაწილი ვერ გავიდა. რეზინის ტყვია არ იყო, რაც ფეხში მომხვდა. ორივე ფეხზე დამწვრობა მივიღე, მარცხენა ფეხი მთლიანად დამემსხვრა, კანზე ეკიდა ფეხი. რეზინის ტყვია ამას ვერ იზამდა. ფეხის მოჭრაზეც იყო საუბარი, კანი აღდგენას ვერ ახერხებდა“, – განაცხადა მოწმემ.
ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში აქვს ბრალი წარდგენილი. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.