პროკურორი: ივერი მელაშვილმა დოკუმენტაცია დამალა – როდესაც მოწმე სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე გახდა, გარკვეული ინფორმაცია მისთვის უცნობი იყო

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ინფორმაცია, რაც მოწმემ, ლაშა დარსალიამ სასამართლოს მიაწოდა, მყარი არგუმენტია ბრალდებულის წინააღმდეგ.

მისი თქმით, როდესაც მოწმე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კომისიის თავმჯდომარე გახდა, გარკვეული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო, რადგან ისინი ბრალდებულმა დამალა.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება შეიძლება გამოიყოს მოწმის მიერ მიცემული ჩვენებიდან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოძიების პროცესში დოკუმენტაციის ამოღება, ივერი მელაშვილმა დამალა დოკუმენტაცია და მხოლოდ მის სამუშაო ოთახში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს იქნა გარკვეული დოკუმენტაცია ამოღებული, რაც მანამდე ვერ მოვიპოვეთ იმიტომ, რომ ეს დოკუმენტაცია ივერი მელაშვილმა დამალა. მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ როდესაც მოწმე კომისიის თავმჯდომარე გახდა, რაღაც ინფორმაცია და რაღაც დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ადასტურებს ბრალდებულების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და მათ მიერ დანაშაულის ჩადენას, არის ის, რომ 1996 წელს, როდესაც ორი სახელმწიფო გარკვეულ მონაკვეთებზე შეთანხმდა და გარკვეულ მონაკვეთებზე ვერ შეთანხმდა, ვერ შეთანხმების მიზეზი იყო ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის ფუნდამენტური სხვაობა 1938 წელსა და 1945 წელს შორის. ხოლო 2009 წელს კი ეს ფუნდამენტური სხვაობა რატომღაც შეიცვალა და ოქმში ბრალდებულებამ დააფიქსირეს, თითქოსდა ამ ორ პერიოდს შორის არსებულ მასალაზე და საზღვრის გამავლობაზე, არანაირი არსებითი სხვაობა არ არის, ეს იმ დროს, როდესაც უკვე საქართველოს საწინააღმდეგოდ შეთანხმებული იყო მათ შორის ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული და ეს ინფორმაცია არ იცოდა მოწმემ“, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მელაშვილი და ილიჩოვა წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები