ნაფიცმა მსაჯულებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა და ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2023 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს ხის ნაჭერი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ყველა ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის დანაშაულის საგანი და ბრალდებულის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.
სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.