“ქვეყანა შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაშია” – ეკვადორში არეულობაა(ვიდეო)

ეკვადორის პრეზიდენტის, დანიელ ნობოას მიერ ორი დღის წინ გამოცხადებულმა ორთვიანმა საგანგებო მდგომარეობამ ადგილობრივი მაფიოზური დაჯგუფებების უკმაყოფილება გამოიწვია, რის შედეგადაც მათ ტელევიზიაში შეიჭრნენ, რამდენიმე ციხეში ბუნტი მოაწყვეს, ასევე, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე პოლიციას დაუპირისპირდნენ.

დანიელ ნობოა, რომელმაც არჩევნებში 2023 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა, აცხადებს, რომ შეაჩერებს დანაშაულის ტალღას, რომელმაც ქვეყანა მოიცვა.

ეკვადორში ბოლო წლებში ნარკომაფიოზური ჯგუფები მოძლიერდნენ როგორც ადგილობრივი, ისე – კოლუმბიური, პერუელი და ალბანური.

2018-2022 წლებში ქვეყანაში მკვლელობების რიცხვი ოთხჯერ გაიზარდა. 2022 წელს 17-მილიონიან ქვეყანაში 7800 ადამიანი მოკლეს. იმავე წელს პოლიციამ რეკორდული – 220 ტონა ნარკოტიკი ამოიღო.

ცალკე პრობლემად იქცა ციხეებში სისხლიანი დაპირისპირებები: 2021 წლის თებერვლიდან 460-ზე მეტი პატიმარი მოკლეს.

ნობოამ 9 იანვარს 22 მაფიოზური ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და განაცხადა, რომ “ქვეყანა შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაშია”.

ერთი დღით ადრე, ციხიდან ერთ-ერთი მაფიოზური ჯგუფის ლიდერი გაუჩინარდა, საპასუხოდ – ნობოამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც გულისხმობს პოლიციისა და სამხედროების უფლებამოსილების გაფართოებას, საჯარო შეხვედრების აკრძალვას და კომენდანტის საათს.

გვიან ღამით ეკვადორის პოლიციამ გამოაცხადა, რომ შეტაკებებში, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.

მაფიოზური დაჯგუფებების წევრებმა მძევლად, სულ მცირე, შვიდი პოლიციელი აიყვანეს.

ქალაქ კუენკაში სამხედრო სატვირთო მანქანას ხელნაკეთი ბომბი ესროლეს.

პოლიციის ინფორმაციით, ესმერალდას პროვინციაში ასაფეთქებელი მოწყობილობები სამჯერ იქნა გამოყენებული. აფეთქებები იყო ეკვადორის რამდენიმე სხვა ქალაქშიც, დაწვეს მანქანებიც.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პერუს მთავრობამ ეკვადორთან ჩრდილოეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრემიერმინისტრმა, ალბერტო ოტაროლამ განმარტა, რომ საზღვარზე პოლიციის დასახმარებლად სამხედროები გაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები