რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას უკრაინის 4 რეგიონი დაბომბეს. სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და ხარკოვის რეგიონები.
უკრაინის შს მინისტრი, იგორ კლიმენკო სარაკეტო იერიშების შედეგების სტატისტიკას აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, ზაპოროჟიეში მაშველები და პოლიცია 6 ლოკაციაზე მუშაობენ – რაკეტები საცხოვრებელ რაიონებს მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, სამი ადამიანია დაშავებული.
დნეპროპეტროვსკის რეგიონი – ნოვომოსკოვსკში მიკროავტობუსი გადატრიალდა, 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. ასევე, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.
კრივოი როგში კერძო სახლი დაინგრა, ერთი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი კერძო სახლის ნანგრევებში შესაძლოა, სამი ადამიანი იმყოფებოდეს. ასევე, დაინგრა სავაჭრო-გასართობი ცენტრი.
ხარკოვის რეგიონში წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე, 4 რაკეტა ჩამოაგდეს, დაზიანდა საწარმო და სასწავლო დაწესებულება, დაშავდა ერთი ადამიანი.
ოკუპანტებმა იერიში, ასევე, ქალაქ ზმიევზეც მიიტანეს, სადაც კერძო სახლი დაინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს, სადაც შესაძლოა, კიდევ ერთი ადამიანი რჩებოდეს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ხმელნიცკის რეგიონში რამდენიმე აფეთქება იყო. ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობენ. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.