დავით ბახტაძემ მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა

დავით ბახტაძემ, მერის სათათბირო ორგანოს, მრჩეველთა საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის მერმა საბჭოს წევრებს სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მიმდინარე, დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების ირგვლივ ისაუბრა. ასევე განიხილა მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც ამ დღეებში საკრებულოს წარედგინება. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2024 წლის ბიუჯეტის მთლიანი შემოსავალი 2 996.9 ათასი ლარითაა გაზრდილი, რაც მოქალაქეების საჭიროებებზე, სოციალურ და სხვადასხვა მიმართულებებზე დაიხარჯება.

მათი ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვაჟა სტურუა, მერის მოადგილე გია მეიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

დღევანდელ შეხვედრაზე მერმა, მუნიციპალიტეტის განვითარებაში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით ჩამოყალიბების პროცესშია ახალგაზრდული საბჭოს შექმნის იდეა, რომელიც უკვე არსებული საბჭოს გაფართოების და მასში მოტივირებული ახალგაზრდების გაწევრიანებასაც გულისხმობს. საამისო მზაობა უკვე გვაქვს.

საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების, ასევე, ბიუჯეტის განხილვა საკრებულოში წარდგენამდე და რეკომენდაციების შემუშავება.

საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში.

“ვხედავთ, რომ მნიშვნელოვნად გალამაზდა და განვითარდა ჩვენი მუნიციპალიტეტი. ძალიან მოგვწონს ეს ყველაფერი. ბევრი საქმის მიუხედავად მერი ყოველთვის ახერხებს მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრას და ჩვენი აზრის მოსმენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვგრძნობთ, რომ ჩართული ვართ მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში და აზრს გვეკითხებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მას ამისთვის”,- განაცხადა საზოგადოება სამტრედიელის ხელმძღვანელმა და მრჩეველთა საბჭოს წევრმა თამაზ მურღულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები