ჩემთვის მთავარი კონკურენტი დღეს არის სიღარიბე, სიდუხჭირე, ეკონომიკური გაჭირვება და უმუშევრობა, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დღეს მან კომენტარი გააკეთა ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილი განცხადებებზე და აღნიშნა, რომ მისთვის ასევე მიუღებელია სპეკულაცია, რომელიც გაეროში გამგზავრებასთან დაკავშირებით გაჩნდა.
„გაეროში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება გახდა ამხელა სპეკულაციის საგანი. მე ვკითხე პრეზიდენტ ალიევს მიემგზავრებოდა თუ არა იგი გაეროში. მან მითხრა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს და აგზავნის მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩემი გაეროში წასვლის აუცილებლობა გაჩნდა იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში მქონდა სამზადისი გაეროში ვიზიტთან დაკავშირებით, მქონდა მოლაპარაკებები და ვარ გაეროში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი. მე მოვისმინე დამაბნეველი განცხადებები სხვადასხვა პიროვნებებისგან, თითქოს გაეროს ასამბლეა არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურების შეკრების ადგილი, რაც აბსოლუტური ტყუილია. მოსაწვევში წერია, რომ ეს არის ან სახელმწიფოს, ან მთავრობის მეთაურების შეკრების ადგილი, იმის მიხედვით, როგორ არის მოწყობილი ესა თუ ის სახელმწიფო. დღეს მე მხოლოდ ვფიქრობ იმ საქმეებზე, გაჭირვებასა და პრობლემებზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ჩვენი მოსახლეობა დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინაიდან ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური განვითარებაა,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=4j9oav0l-C4&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]