თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გაქცეული პატიმრის ძმას 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესს სამიდან ორი დაკავებული ესწრებოდა.
სასამართლომ ასევე იმსჯელა გაქცეული მსჯავრდადებულის, გუჯა თათარაშვილის ძმის, ავთანდილ თათარაშვილისთვის აღკვეთის შეფარდებაზე. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდების მხარემ გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. მამაკაცს 3 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.
მოსამართლის თქმით, ბრალდებული ავთანდილ თათარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ასევე 3 პირი: საბადრაგო ჯგუფის უფროსი, ბადრაგი და ერთ-ერთი პატიმრის ძმა.