“ძალიან ინტენსიურია დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა” – მაკა ბოჭორიშვილი

“კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწვევთ საქართველოში – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო მინისტრების დონეზეც პოლიტიკური დიალოგი იყოს ინტენსიური”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას, კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ძალიან ინტენსიურია დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკან დგას ძალიან ძლიერი მეგობრობა ჩვენს ხალხებს, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა საქართველოსთვის. ამის გამოხატულებაა ის, რომ ჩემი ვიზიტი ხორციელდება დღეს აზერბაიჯანში. ძალიან ინტენსიურია დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა.

ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ეს პარტნიორობა პოლიტიკურ დონეზე ძალიან ინტენსიურია. ხვალ გაიმართება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბაქოში, სადაც შესაძლებლობა გვექნება ჩავატაროთ ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, რომელიც კიდევ ერთხელ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი საკითხები იყოს განხილული. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ დღის წესრიგი ორ ქვეყანას შორის არის ძალიან ინტენსიური და საინტერესო.

ასევე, კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწვევთ საქართველოში – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო მინისტრების დონეზეც პოლიტიკური დიალოგი იყოს ინტენსიური. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობით მხოლოდ და მხოლოდ ხელს შევუწყობთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, შეხვედრის ფარგლებში გვესაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოც და აზერბაიჯანიც რეგიონში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ის მართლაც სანიმუშო ურთიერთობები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება გამოყენებული იყოს ამ ურთიერთობების შესაძლებლობების კიდევ უკეთ გამოსაყენებლად, რაც დღეს ჩვენი რეგიონის წინაშე დგას. ნამდვილად სასიამოვნოა ვთქვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ეკონომიკური პარტნიორების ხუთეულშია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება“, – განაცხადა მინისტრმა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები