თენგიზ ფხალაძე: ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არიან ეუთო და გაერო, ვეღარ ახდენენ კონფლიქტების პრევენციას
“ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არიან ეუთო და გაერო, ვეღარ ახდენენ კონფლიქტების პრევენციას, ვეღარ აღკვეთენ და ამის მაგალითია სამხედრო დაპირისპირება უკრაინასა თუ ისრაელში, ადრე კი საქართველოში”, – ამის შესახებ ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, მაქსიმუმი, რასაც ეს ორგანიზაციები ახერხებდნენ, იყო კონფლიქტების გაყინვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტას.
“დაპირისპირება მწვავდება და ისრაელზე თავდასხმამ ეს ძალიან გამოკვეთა, უფრო მწვავე ფაზაში გადავიდა. ეს არის ცივილიზებული სამყაროს ბრძოლა ავტორიტარიზმთან, ტერორიზმსა და იმ ბევრ სხვა პრობლემასთან, რაც ჯერ კიდევ აქვს XXI საუკუნის მსოფლიოს. ეს არის ახალი გეოპოლიტიკური, ახალი მსოფლიო წესრიგის ძიება. უსაფრთხოების ის არქიტექტურა, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ერთხანს თავის როლს ასრულებდა, მაგრამ XXI საუკუნემ ნათლად დაგვანახა, რომ ის აღარ შეესაბამება მისთვის წაყენებულ მოთხოვნებსა და ფუნქციებს როგორც ევროპული, ასევე გლობალური მასშტაბით. ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არიან ეუთო და გაერო, ვეღარ ახდენენ კონფლიქტების პრევენციას, ვეღარ აღკვეთენ და ამის მაგალითია სამხედრო დაპირისპირება უკრაინასა თუ ისრაელში, ადრე კი საქართველოში.
მაქსიმუმი, რასაც ეს ორგანიზაციები ახერხებდნენ, იყო კონფლიქტების გაყინვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტას, პირიქით, რიგ შემთხვევაში ეს უფრო ამძიმებდა რეალობას და კონფლიქტები უფრო მწვავედ და უფრო მასშტაბიანად განახლდება ხოლმე. ამ ორგანიზაციების გვერდის ავლით იწყება ახალი კონფლიქტები და მთავრდება ძველი. ამის მაგალითია ყარაბაღი, სადაც კარგად გამოჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციების უუნარობა. სამაგიეროდ, აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო ალიანსმა გაცილებით ეფექტურად იმუშავა. აზერბაიჯანი სწორედ თურქეთთან პარტნიორობამ მიიყვანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ცხადია, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას და ამიტომაც მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ძიება. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ერთი მხრივ, არის რეტროგრადული იმპერია, რუსეთი, რომელიც ცდილობს სხვებისთვის ტერიტორიების წართმევას, ე.წ. მართვადი კონფლიქტებით გავლენის ზონების გაფართოებასა და შენარჩუნებას, და მეორე მხრივ, არის მოვლენა, რომლის აღკვეთა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ – ეს არის ტერორიზმი, რომლის გამოვლინება ამჟამად არის “ჰამასი” და ის, რაც დღეს ხდება ისრაელში. ამ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროს ლიდერობას, ერთიანობას და ურყევ ნებას, რომ ის არასოდეს შეურიგდება ტერორიზმს, ტერიტორიების წართმევას, ანექსიებს, ოკუპაციებს, მართვად კონფლიქტებს, არ დაუშვებს კონფლიქტების გეოგრაფიის გაფართოება.
ერთიანობაზეა ლაპარაკი მხოლოდ განცხადებების დონეზე არ უნდა დარჩეს, უნდა გამოიხატოს ქმედებებში… საერთაშორისო ორგანიზაციების უუნარობამ სამყარო გადააჩვია კრიზისებზე ეფექტიან რეაგირებას. ამისთვის ქვეყნები დიდ ფულს იხდიდნენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მაგრამ უცბად აღმოჩნდა, რომ კრიზისზე რეაგირების ის მექანიზმები აღარ ვარგა, ახლის მოფიქრებასა და ძველის ჩანაცვლებას კი დრო სჭირდება. დღეს ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ წამყვანი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, აჩვენებენ თავიანთ ლიდერობას. საინტერესო იყო “ჰესბოლას” ლიდერის გამოსვლა, რომელმაც მიუხედავად მოლოდინისა, რომ გამოაცხადებდა ომში ჩაბმას, ეს არ გააკეთა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ “ჰესბოლა” კონფლიქტში რაიმე ფორმით არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ აშკარა კონფრონტაციაზე წასვლა, რაც მოსალოდნელი იყო, ვერ გარისკა. ეს იმის შედეგია, რაც ბოლო პერიოდში გააკეთა შტატებმა. საერთაშორისო ორგანიზაციების რეორგანიზებაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, მათ შორის თუნდაც გაეროს რეფორმისთვის, მაგრამ მიაჩნდათ, რომ უნდა მომხდარიყო მოდერნიზება უკვე არსებული საფუძვლების, ახლა კი აღმოჩნდა, რომ ისინიც შერყეულია. გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი შემთხვევით ხომ არ გაჩენილა? ეს არის 5 ძლიერი სახელმწიფო, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ ვეტოს უფლება აქვთ, დიდი პასუხისმგებლობაც აკისრიათ. არავინ ელოდა, რომ ამხელა პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა, რუსეთი, წითელ ხაზებს გადაკვეთდა. ეს არ იყო მხოლოდ შეჭრა უკრაინაში, ეს არის ბირთვული შეთანხმებების ხელშეკრულებებიდან, ბირთვულ გამოცდებზე მორატორიუმიდან გამოსვლა – ანუ შეირყა საფუძვლები, რაზეც ეს სისტემა იდგა. ეს გაცილებით ღრმა პრობლემაა… ამიტომ პატარა ქვეყნები მარტო არ უნდა დარჩნენ: დღეს, როდესაც უსაფრთხოების საერთაშორისო არქიტექტურა არ მუშაობს, პატარა ქვეყანა პირველად ხდება დარტყმის ობიექტი, მას დიდი ქვეყანა გადაყლაპავს.
ამიტომ პატარა ქვეყანა უნდა ეცადოს, რომ არ დარჩეს ალიანსის ბორტს მიღმა და იყოს იქ, სადაც მისი უფლებები, იდენტობა იქნება დაცული და მიუხედავად იმისა, რომ ის პატარა ქვეყანაა, არ დაკარგავს თავის უნიკალურობას, ხმის უფლებას, არ იქნება სხვისი პოლიტიკის ნაწილი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. თუკი რამემ აჩვენა მდგრადობა ამ კრიზისების მიმართ, ეს ევროკავშირი და ნატოა, მიუხედავად არსებული უამრავი პრობლემისა, რომელიც ორივეს აქვს. ორივემ აჩვენა, რომ შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისს. ევროკავშირმა კრიზისს ერთიანობით და გაფართოების ახალი შესაძლებლობებით უპასუხა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ნატომაც ნათლად დააფიქსირა, რომ მისი კარი ღიაა ახალი ქვეყნებისთვის. ძალიან კარგია ისიც, რომ ალიანსი არ აპირებს მხოლოდ რეაგირების რეჟიმში ყოფნას და ის უფრო აქტიურად იმოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონის სამიტი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დღეს ნატოს დღის წესრიგში დგას თავდაცვისუნარიანობის ფინანსირების გაზრდა. სახელმწიფოები უკვე 2%-ზე კი არა, 4-5% ლაპარაკობენ (იგულისხმება ქვეყნის მიერ ბიუჯეტიდან თავდაცვისთვის გამოყოფილი წილი). ეს არის ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. დღეს ნატოს დღის წესრიგში დგას თავდაცვისუნარიანობის ფინანსირების გაზრდა. არის ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უკრაინას ნატო იცავს – ეს არის დაცულობა მე-5 მუხლის გარეშე. კერძოდ, ვგულისხმობ შეიარაღების, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, საფრთხეების შეფასებაში დახმარებას, ტექნოლოგიურ, მეთოდოლოგიურ დახმარებას, დაფინანსებას და ა.შ. უკრაინა სწორედ იმის მაგალითია, როგორ შეიძლება ნატომ მე-5 მუხლის გარეშე დაიცვას არაწევრი სახელმწიფო. ხოლო უკრაინის სასწაფოდ ალიანსში გაწევრიანებას ნატო ვერ მოახერხებდა, რადგან მოწვევა რომც გამოაცხადოს, ამას სჭირდება ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტის მიერ რატიფიცირება – ანუ პროცედურულად შეუძლებელია…
რაც შეეხება კითხვას, “საქართველოს ვაშინგტონის სამიტზე რა შანსი აქვს?” – ძალიან სერიოზული. აშშ-მა კიდევ ერთხელ გაააქტიურა დისკუსიები შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. სენატში აქტიურად განიხილებოდა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო პორტის გადმოტანის, როგორც პოტენციური საფრთხის საკითხი. ამიტომაც საქართველოს, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან სერიოზული შანსი… ის , რომ რუსეთის სამხედრო ნაწილები დგანან თბილისიდან 40 კილომეტრში არა მგონია, ეს დაუძლეველი არგუმენტი იყოს, მით უმეტეს, პოლიტიკურ დონეზე გაწევრებაზე ფუნდამენტური დისკუსია არ ყოფილა, იყო მხოლოდ მაპ-ის მოცემა-არმოცემაზე. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველომ დღეს უპირველესად უნდა იხელმძღვანელოს იმ რეალობით, რაც შეიქმნა მადრიდის სამიტის შემდეგ, ხოლო მადრიდის სამიტმა გვაჩვენა, რომ ქვეყნები შეიძლება მაპ-ის გარეშეც იქნენ მიწვეული ალიანსში და ამის მაგალითია ფინეთი და შვედეთი. უნდა შევეცადოთ, რომ ეს პრეცედენტი გამოვიყენოთ, გამოვიყენოთ ის, რომ გააქტიურდა დისკუსიები შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და მოვითხოვოთ დაცულობის მეტი გარანტია. თუ ეს ორი, პოლიტიკური და პრაქტიკული კომპონენტი, შევაერთეთ და დავამატეთ აქტიური კომუნიკაცია ყველა წევრ სახელმწიფოსთან, მაშინ ჩვენი შანსი ერთი-ორად იზრდება”,- განაცხადა ფხალაძემ.