მაჰაჩყალის აეროპორტმა მუშაობა რამდენიმე დღით შეაჩერა მას შემდეგ, რაც გვიან ღამით ასაფრენ ბილიკზე ადგილობრივები შეიჭრნენ, სადაც მანამდე თელ-ავივიდან თვითმფრინავი დაეშვა.
დაღესტნის შსს-ს ცნობით, მასობრივი არეულობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტში განვითარებული მოვლენების დროს 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ძალოვანებიც არიან. 10-ზე მეტმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, 10 გადაიყვანეს საავადმყოფოებში, ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
დაღესტნის მუფტიმ, აჰმად აბდულაევმა ებრაელების წინააღმდეგ ქმედებას ,,შეცდომა,, უწოდა და მორწმუნეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
დაღესტნის ხელმძღვანელმა, სერგეი მელიკოვმა თქვა, რომ „დაღესტნელები თანაუგრძნობენ პოლიტიკოსების ქმედებების შედეგად ხალხის უსამართლო ტანჯვას და ლოცულობენ პალესტინაში მშვიდობისთვის“, მაგრამ აეროპორტში მომხდარს “კანონის უხეში დარღვევა” უწოდა.
რუსეთში ადამიანის უფლებათა კომისარმა, ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ განვითარებული მოვლენები მიზნად ისახავს ეთნიკური სიძულვილის გაღვივებას, რომ რუსეთში სამოქალაქო მშვიდობა იყოს დარღვეული.
ამავდროულად, დაღესტნის ხელისუფლებამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონებში.
მათი თქმით, აეროპორტის ოპერირება უახლოეს დღეებში აღდგება, ადგილზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ძალოვანებმა არეულობაში მონაწილე 150 პირის იდენტიფიცირება მოახდინეს, მათგან 60 დააკავეს.