ირაკლი შოთაძე: 2019 წელს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება გრძელდება

„ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ”, – ასე პასუხობს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე კითხვას – სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე საქმე, რომელიც ახლა ძიებაშია და რა ეტაპზეა 2019 წელს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება.

კითხვაზე, შესაძლოა, რომ ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, პროკურორი ამბობს, რომ, კანონმდებლობის მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია.

„ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდული არის. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა.

რაც შეეხება კითხვას, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს – ამ ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ”, – განაცხადა შოთაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები